ENGLISH

ბლოგი

მარიამ დვალიშვილი: „რელიგია ასი წლის შემდეგ“

არავინ იცის, როგორი იქნება სამყარო ასი წლის შემდეგ, ან საერთოდაც იარსებებს კი  რაიმე?! სანამ სამყარო იარსებებს, მანამ იარსებებს რელიგიაც, მაგრამ ტრანსფორმირებული სახით. იგი ისეთი აღარ იქნება, როგორიც არის დღეს ან იყო გუშინ. თაობები ცვლიან რელიგიას, რელიგია კი თავისთავად ცვლის მათ. ეს ორი შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთმანეთს არა მხოლოდ გამორიცხავს, არამედ ავსებს.

ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ასი წლის შემდეგაც რელიგია არ დაკარგავს „პოპულარობას". მაგრამ იქნება ეს, როგორც „ჯანდაბა უჭეშმარიტო ჭეშმარიტება" თუ ჭეშმარიტი რწმენა?!  თუ ეს იქნება უკვე ვირტუალური რელიგია?! მამაოსთან ტელეფონით აღსარების დღის დანიშვნა, სკაიპით აღსარების ჩაბარება,  „ლაიქებზე" მიტევებული შეცოდება და მესიჯით მიღებული ზიარება.

ადამიანები „გაეკიდებიან" სხვის უაზრო აზრებს, უფიქრო ფიქრებს თუ მათ ნამდვილ საწყისებს?!  ვინ იცის?!

ახლა, მოგიყვებით რეალურ ამბავს ასი წლის შემდეგ არსებული - ფიქრდაკარგულთა კუნძულის შესახებ. კუნძული სადაც ფიქრები ხეზე ჰკიდია, საზოგადოება, რომელიც უფიქრო ღმერთს სცემს თაყვანს და სადაც თვითონ კუნძულის დასახელება ამბობს ძირითად სათქმელს. ამ კუნძულის ისტორიით შევძლებთ გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს მომავლის რელიგია ასი წლის შემდეგ. 

ფიქრდაკარგულთა კუნძული, უფიქრო ღმერთი და ხეზე ჩამოკიდებული ფიქრი

ფიქრდაკარგულთა კუნძულზე ფიქრისგან ადამიანები დაცლილიყვნენ. იქ ფიქრის ქონა ხელისუფლებისგან და ეკლესიისაგან აკრძალული იყო. ვინც ერთ ფიქრს მაინც გაიჩერებდა თავში და მაშინვე არ მოიშორებდა, შემდეგ მას ძალით „ჩამოაშორებინებდნენ" და „დააკიდინებდნენ" ამ ფიქრს „დიდი სამარცხვინო ხის ფიქრზე", რომელიც  უკვე ამ დაკიდებული ფიქრებისგან ისე დამძიმებულიყო, რომ ფეხზე გაჭირვებით იდგა. ფიქრების სიმძიმისგან საძირკველი ეცლებოდა ბეჩავ ფიქრთა შორის ყველაზე ფიქრიან ხეს. ახლა, მას კიდევ ერთი ახალი ფიქრი შეემატებოდა... თუმცა, ეს ამ ხეზე ჩამოკიდებულ ყველა ფიქრზე მეტი წონის, ზომის და მოცულობის იყო.

მზე სადაცაა ჩაესვენებოდა. მისი სხივები ჯერ კიდევ სერავდა ზეცას. ჩასისხლიანებული შუქ-ჩრდილები არაფერს ამბობდნენ. თითქოს მათთვისაც ჩამოეჭრათ ყოველი აზრი და ყოველი ფიქრი.

ფიქრჩამოჭრილთა საზოგადოება მათი უფიქრო ღმერთის, „დიდ მდელოზე" შეკრებილიყო. წინ ახალგაზრდა ადამიანის სილუეტს უყურებდა ყველა. ისინი დიდი სამარცხვინო ფიქრის ხისკენ მიდიოდნენ, რომ ადამიანი ნომერი - 1047-თვის ფიქრი ჩემოეჭრათ და გაეთავისუფლებინათ იმ უბედურებისგან, რომელშიც მას მისი ეს აზრები და ფიქრები ამყოფებდნენ. „უფიქროები" სიტყვების სეტყვას აყრიდნენ ნომერ 1047-ს: - „ეს სამარცხვინო ესა, როგორ გაბედა ეჭვი შეეტანა სიცოცხლის რაობაში, ან ეს რაობა რაღა უბედურებაა, ფიქრმა დაღუპა სამყარო და ადამიანი! მოვკლათ, ჩავქოლოთ ყოველი ფიქრი! ეს საცოდავი ესა." - გაიძახოდნენ ერთხმად.

ნომერი 1047, თავჩაღუნული მიუყვებოდა მდელოს, არაფერს ამბობდა, სიჩუმით სავსე ჰაერს სუნთქავდა და ბალახებს დაჰყურებდა მხოლოდ ზემოდან. თითქოს მხოლოდ მათ ამჩნევდა იქ და მხოლოდ მათ ესაუბრებოდა.

როგორც იქნა მივიდნენ ხესთან, რომელსაც მყისვე წყევლა დააყარეს და მალე სიკვდილი უსურვეს, ფიქრდაკარგულთა კუნძულის წევრებმა. შემდეგ კი სიჩუმე მოვიდა, რომელიც ფიქრის მსჯელი ასოციაციის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დაარღვია (ასე იწოდება იმ კუნძულზე მღვდელი).

- ჩვენ, დღეს აქ შევიკრიბეთ, ძვირფასი „უფიქროთა და ბედნიერთა" საზოგადოება, იმისთვის, რომ აღვასრულოთ ჩვენი „დიდი უფიქრო ღმერთის" ნება. დღევანდელი სიტუაცია აღმაშფოთებელია ჩემო მეგობრებო. ფიქრები მომრავლდნენ და ადამიანებს გასაქანს არ აძლევენ, თავში უძვრებიან და უაზრო იდეოლოგიებს უდებენ. შემდეგ ეს „გასაცოდავებულები" გამოდიან და ჩვენ „ბედნიერ-უფიქროთა" საზოგადოებაში ქადაგებენ, „უბედურ-ფიქრიანთა" საზოგადოების იდეებს. ქადაგებენ ცხოვრების ფილოსოფიას და ათასგვარ სხვა უაზრო აზრებს. მათ დროზე თუ არ ვუშველეთ დაიღუპებიან და სხვებსაც „ჩვენიანსაც" ბევრს გადაიბირებენ, სწორედ ეს უნდა იმ უბედურ „ფიქრიან ღმერთს", მაგრამ არა! ჩვენი დიდი „უფიქრო ღმერთი" მათ ამის საშუალებას არ მისცემს. სწორედაც, რომ არ მისცემს. ჩვენ ხომ ვიცით, რა სუსტია ადამიანის ბუნება, სწორედ ამის ბრალია მათი გაფიქრიანება.

-         ნომერი 1047 გამოდით ორი ნაბიჯით წინ? - საშიში მზერით, ბრძანა ფიქრის მსაჯულმა.

-         ნომერი 1047 სამი ნაბიჯით გამოვიდა წინ. 

-         შეხედეთ მეგობრებო! სამი ნაბიჯით გამოვიდა წინ! აქაც, მისი დამპალი ფიქრი შემოიტანა და ერთი ნაბიჯი მიამატა. ოხ, დასწყევლოს უფიქრო ღმერთმა. 

- დასწყევლოს, დასწყევლოს! - გაიმეორეს ერთხმად. 

ფიქრის მსაჯული განაგრძობს:  ნომერ 1047-ს ბრალი ედება „უმუხლო მუხლის" 95 თავის პირველ, მეორე და მესამე თავში განხორციელებული ფიქრისთვის, ანუ მან დაარღვია ჩვენი უფიქრო საზოგადოების წესდება და გამოცხადებულ იქნა დამნაშავედ!

დანაშაული N-1: ფიქრი დაუშვა საკუთარი პიროვნების არ არსებობაში.

- ნომერი 1047 კიდევ იზიარებთ ამ შეხედულებას? შანსი გეძლევათ თქვენი ნებით დასძლიოთ ფიქრი.

- დიახ, მე არ ვარსებობ, თქვენც არ არსებობთ. საცოდავი არსებები ხართ. მე კიდევ უფრო საცოდავი ვარ, თქვენ ვერც კი ხვდებით, რომ ადამიანის ასლები ხართ ნიღბებით და უფიქრო ფიქრებით სავსე, მაგრამ დამიჯერეთ მალე გასკდებით, ძალიან მალე..!

-         ნომერი 1047 ჯერ კიდევ შეპყრობილია, ჩვენ მას მალე ვუშველით, ბოდავს რაღაცეებს და ვერც კი ხვდება. ვაპატიოთ მეგობრებო, არ იცის რას ამბობს, ფიქრიანი ღმერთი ალაპარაკებს.

დანაშაული N-2: ეჭვი შეიტანა ჩვენი დიდი, უფიქრო ღმერთის არსებობაში.

-         ჩვენი უფიქრო დიდი ღმერთის არსებობაში! დაუშვა, რომ ის არა თუ უფიქრო, არამედ ფიქრიანი დიდი ღმერთია. წარმოგიდგენიათ მეგობრებო ეს რას ნიშნავს, "ფიქრიანი ღმერთი?" ეს რა მარაზმია. მოდით, კიდევ ერთხელ შანსი მივცეთ საკუთარი ნებით დასთმოს დანაშაული N-2. ნომერი 1047 აღიარებთ დანაშაულ N-2-ს?

- არა! თქვენი უფიქრო ღმერთი არ არსებობს, იმიტომ, რომ არც თქვენ არსებობთ. არაფერს აქვს დასაბამი და მათ შორის არც თქვენ. მე და ჩემი ფიქრიანი ღმერთი კი ახლა,  აქ ვართ თქვენ წინ და საცოდავად დაგცინით. კიდევ, გსურთ ჩემგან რაიმე „პატივცემულებო"?!

-         ეს უკვე მეტისმეტია - განრისხდა ფიქრის მსაჯული. ღმერთი რის ღმერთი იქნება თუ ფიქრი ექნა. მას არ სჭირდება ფიქრი და თუ მას არ სჭირდება, მაშინ არც ჩვენ გვჭირდება! ხომ ასეა ჩემო „უფიქრო-ბედნიერთა" მეგობრებო?

- დიააააააააააახ! ... (ერთხმიანი ექო).

დანაშაული N-3: დაინტერესდა და ფიქრი გაბედა სიკვდილის შემდეგ არსებული მდგომარეობის შესახებ.

- ეს ხომ ტაბუ დადებული თემაა. სიკვდილის შემდეგ რა ელოდება ადამიანს? ეს რა საშინელებაა. ამას, როდესაც „მივიცვლებით" მაშინ გავიგებთ. საჭირო, რომ ყოფილიყო ამის ცოდნა ჩვენი დიდი უფიქრო ღმერთი გვეტყოდა, მაგრამ რადგან არ თქვა ე.ი. არ უნდა, რომ ვიცოდეთ და ვიფიქროთ. ყველაფერს თავის დროზე გავიგებთ. დამნაშავე N-1047 აღიარებთ დანაშაულ N-3-ს?

- არა! სანამ ცოცხალი ვარ და აზროვნების უნარი შემწევს მინდა, რომ ვიცოდე რა მელოდება და რა არა. მაშინ რატომ უნდა ვიცხოვრო თუ არაფერი არ უნდა ვიცოდე? თქვენ რაღაცეებს „ეპოტინებით" მაშინ, როცა მანდ არაფერია „მოსაპოტინებელი". თავს უაზროდ იმედებით  მდოგვი იდეებითა და რწმენებით. თავს ინიღბავთ უფიქრო ღმერთის ნებით, მაშინ როცა არ იცით, რომ იგი თქვენი ამ უნიჭო სპექტაკლის მთავარი რეჟისორია და მისი დაწერილია თქვენი ეს ბეჩავი ცხოვრება. ხოლო ის, ვინც ამ მონახაზს დგამს და წერს შეუძლებელია აჯობო შენიღბვაში. ნუ იიმედებთ თავს, იყავით რეალური ადამიანები, (არც ფიქრიანი და არც უფიქრო) რაღაც სხვა, უბრალო ფიქრებით და აზრებით. მე უბედური ვარ, რომ ვფიქრობ, უბედური, რომ მესმის და უბედური, რომ ვხედავ, მაგრამ მიხარია, რომ ვარ დამნაშავე N-1047.

- აი, რას შვება მეგობრებო ფიქრი, ენა მოპარა და რეებს გაიძახის. ყური უგდეთ შეპყრობილია. აღმაშფოთებელია უკვე ეს სიტუაცია. მგონი დრო დადგა ამ ფარსს ბოლო მოვუღოთ. დროზე ვუშველოთ მართლა ამ საცოდავს ამას. ჩვენ რაც შეგვეძლო უკვე ვცადეთ. აი, ესაა ჩვენი ნამდვილი უფიქრო ლიბერალიზმი, მაგრამ ამ შემთხვევაში უშედეგო. დროა აღვასრულოთ სამართალი.

გაისმა ბუკის ხმა.

- კანონის გათვალისწინებული ძალით, ფიქრი დაშვებულია - მხოლოდ იმაზე რასაც ყველა ფიქრობს, დანარჩენი ჩამოკიდებულ იქნას ფიქრისაგან ფიქრისა!.

- ნოემბერი 1047 დიდი სამარცხვინო ხის ძირას!

N-1047 დააყენეს ხის ქვეშ. ფიქრის მჭრელი მაკრატლით მოჭრილ იქნა მის თავში არსებული ყოველი ფიქრი და ჩამოკიდებული იქნა ხეზე. 

- ახლაც, უბედური ხართ N-1047? - ღიმილით იკითხა ფიქრის მსაჯულმა. 

- „უ"-უბედნიერესი, ჩემო ბატონო! - იყო პასუხი. 

ამ დროს ხემ მდუმარედ და სევდიანად ამოიოხრა, შემდეგ კი თვალი დახუჭა.

გამოკითხვა