ENGLISH

ბლოგი

ფატი შავაძე: "ყველაზე შორეული და ყველაზე ახლობელი ღმერთი"

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე წარმომედგინა. სადღაც, შორეულ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, გადაკარგულ წლებში,სანამ პირობითად 1991 წელი დადგებოდა. ათასგავრ რამეს ჰყვებიან სამყაროს შექმნაზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ თურმე ღმერთმა (ღმერთის რაობაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ) შექმნა სამყარო მთელი რიგი „აქსესუარებით"- მცენარეებით, ცხოველებით, ფრინველებით და ასე შემდეგ ადამიანებით.

ასეა თუ ისე, რამდენი ვერსიაც არ უნდა მოვყვე, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი იცვლება. მხოლოდ ის  ვიცი, რომ პირადად მე არ მახსოვს, აზრად მომსვლოდა, ჩემი ნება-სურვილით მოვსულიყავი სამყაროში.

მაგრამ, წეროს არა და ჩემი მშობლების ძალისხმევის შედეგად მე დავიბადე და ახლა აქ ვარ, თქვენთან...

ოჯახში მე-3 ბავშვი ვიყავი. ჩემს მერე ჩემი პატარა და დაიბადა. ჩვენამდე მშობლებს  ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ. უფროსი ვაჟი 1987  წელს  9თვის ასაკში ხელიდან გამოეცალათ ჩემებს. მწუხარება მალე სიხარულმა ჩაანაცვლა და დედას ულამაზესი გოგონა შეეძინა. მერე ფრიად პატივცემული და გვარის გამგრძელებელი ვაჟიც.. ჩემზე აღარც კი ფიქრობდნენ და სწორედ მაშინ, როგორც ბებო იტყოდა, ღმერთის ნებით მეც მხვდა წილად დედამიწელობა.

განგებამ ერთი საერთო წინაპრის, ისტორიის და კულტურის მქონე ხალხით დასახლებულ, ვიწრო საზღვრების მქონე ქვეყნის  ერთ-ერთ პაწია და საამური კუთხის ტურფა სოფელში  მომავლინა. იქ გავიზარდე, იქ ვისწავლე, იქ აღვიქვი და იქ  გავიცანი ღმერთი...

 ჩვენთან, ჩვენს სამყაროში, ასე იყო: სექტემბრიდან ივნისამდე, ოჯახი, მთელი შემადგენლობით, ბარად ვცხოვრობდით, ივნისიდან სექტემბრამდე კი  შვილიშვილები ბებოსთან, ბაბუსთან და ჩვენს ყველა შინაურ ცხოველთან თუ  ფრინველთან ერთად მთაში მივდიოდით, იქ, სადაც ახლოს ვიყავით ცასთან. მაშინ მეგონა, რომ ღმერთი იქ ცხოვრობდა, ღრუბლებში.

მთელ  ზაფხულს ბებოსთან და ბაბუსთან ერთად ვატარებდით, ღმერთთან ახლოს. მათგან ვსწავლობდით ცხოვრებას და ვიგებდით საიდუმლოებებს სამყაროს შესახებ...

ბებო ღრმადმორწმუნე ქალი იყო. სჯეროდა ღმერთის. ნეტავ, გენახათ როგორი ციმციმა თვალები ჰქონდა და რა ბედნიერი ევლებოდა თავს ყველას და ყველაფერს. სულ  მაოცებდა მისი სიმშვიდე,მოთმინება, უდიდესი სითბო და სიყვარული სამყაროსა და ადამიანების მიმართ. არასოდეს არ იღლებოდა.

ბაბუ განსაკუთრებული და საოცარი ვინმე იყო. პროფესიით ექიმი, შესაბამისად, ნაკლებ რელიგიური. ბებოსგან აბსოლუტურად განსხვავებული ფიქრებით და შეხედულებებით,  თუმცა კი ღირებულებები ორივესთვის საერთო იყო.

მიყვარდა მათი კამათის მოსმენა. ბებო თუ რამეზე იტყოდა, ღმერთის მადლითო, ბაბუ აუცილებლად ჩაიცინებდა და  სულ სხვაგვარ ახსნას მოუძებნიდა ამ მოვლენას. ბებო საყვედურის თვალებით შეხედავდა ბაბუს და დაიწყებოდა სჯა-ბაასი ვინ, იყო მართალი და სად იყო ჭეშმარიტება. თვითონ ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ მე ვამჩნევდი, რომ ორივე ერთსა და იმავე ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა. ორივესთვის ერთი იყო სიკეთე, სიყვარული, მადლიც და ცოდვაც, მაგრამ ისინი მაინც ვერ თანხმდებოდნენ.

 ბაბუ ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია და მას არ სჭირდება განსაზღვრა, სახელის დარქმევა. მას ლოცვად მიაჩნდა ფიქრიც კი და აუცილებლობად არ თვლიდა შეესრულებინა ათასგვარი „სხვების გამონაგონი" რიტუალი.

ბებოსთვის ამ ძალას აუცილებლად ჩვენი გამჩენი ღმერთი ერქვა, რომლისთვისაც ყოველდღე მადლობა უნდა გვეთქვა.  რიტუალი უწმინდესი იყო მისთვის და მთელი გულმოდგინებით და მოწიწებით, რწმენით აღსავსე ასრულებდა ყველა მათგანს.

მახსოვს, მარხვის პერიოდში, დილაადრიან, სანამდე ცა ირიჟრაჟებდა, როგორ მაღვიძებდა  ბებოს მიერ მომზადებული უგემრიელესი და  მადისაღმძვრელი  საჭმლის სურნელი. ვგრძნობდი,მთელ ოთახში როგორ  ტრიალებდა   ღუმელის სითბო და ნელ-ნელა, ნამძინარევი სახეებით,   ოთახში როგორ იყრიდნენთ თავს დედა, მამა, ბიძა და ბიცოლა. შემოუსხდებოდნენ სუფრას და რიჟრაჟამდე მიირთმევდნენ ბებოს ნაფუსფუსარს. თან სასიამოვნოდ საუბრობდნენ, ხანაც კამათობდნენ, განიხილავდნენ გუშინდელს, ფიქრობდნენ დღევანდელს  და  ნერვიულობდნენ ხვალინდელზე. ბებო გაბრწყინებული თვალებით იჯდა და ზედ სახეზე ეწერა, რომ უზომოდ ბედნიერი იყო ამ „პაწია" ერთიანობით. ვიცი, გულში ფიქრობდა, მადლობა ღმერთსო. ბაბუც კმაყოფილი იყო. თუმცა, რამაზანის თვის ოცდაათივე დღე, ვიცი, მისთვის მომდევნო თვის ოცდაათი დღისგან არაფრით განსხვავდებოდა და სრულებით არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის  იმარხულებდა. მთავარი სულ სხვა რამ იყო მისთვის.

ლოცვა ბებომ მასწავლა. მახსოვს, ძილისწინ როგორ ვიმეორებდი ჩემთვის გაუგებარ ფრაზებს და მშვიდად ვიძინებდი იმ იმედით, რომ ხვალაც ვნახავდი ჩემს მეგობრებს და მათთან ერთად ვითამაშებდი ძალიან, ძალიან  ბევრს.

ერთ დღესაც, როცა მხოლოდ მეგობრებთან თამაშზე ოცნებით აღარ ვიძინებდი და უკვე სხვა საფიქრალი გამიჩნდა, აღმოვაჩინე, რომ ის ღმერთი გამქრალიყო, ცაში რომ მეგონა...

მალე ბებო და ბაბუც წავიდნენ ამქვეყნიდან. თავგზა ამებნა, კითხვების კორიანტელში აღმოვჩნდი.

ვეკითხებოდი ჩემს თავს:  ნუთუ ეს არის ყველაფერი?! რაღაც სხვა ხომ კიდევ უნდა არსებობდეს მეთქი?!

ფიქრების ეს აურზაური იყო და მოხდა ისე, რომ  ჩემი სამყაროდან გადმოვინაცვლე იქ, სადაც უფრო დიდი და მრავალფეროვანი სამყარო მელოდებოდა. ვიცოდი, რომ ახალ  სამყროში კიდევ უფრო მეტ განხვავებულ ადამიანს და შესაბამისად, მეტ განსხვავებული აზრს შევხვდებოდი.

ვარაუდი გამიმართლდა,  ჩემი ,,ახლო" სულაც არ აღმოჩნდა სხვების ,,ახლო".

ადამიანები მელაპარაკებოდნენ და მიხსნიდნენ იმას, რომ თურმე მე  სხვა ღმერთი მყოლია. ახალ სამყაროში უფრო დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ წრის შუაში ვიდექი, რომელიც განუწყვეტლივ ტრიალებს, როგორც სამსარა და რომლის შემკვრელი თითოეული წერტილი-ადამიანი თავის ღმერთს ეძებს, ეთაყვანება მას და სახელს არქმევს. მე კი ვდგავარ თვაბრუდახვეული და ვერ გამიგია ვინ ან რა არის სინამდვილე. ნუთუ შეიძლება სხვისი ან ჩემი ღმერთი არსებობდეს?! ნუთუ მისი ღმერთი ჩემი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მე მისგან განსხვავებულ ტერიტორიასა და კულტურაში დავიბადე, ისეთივე ადამიანებში, რომლებსაც მსგავსად იმისა, ჰყავდათ თავიანთი ,,ის", ვის პოვნასაც ასე ცდილობს კაცობრიობა. 

და საერთოდაც, ვინ არის და სად არის ჩემი ღმერთი, ახლოსაა თუ შორს იგი ჩემგან?!.. ვიღაც ალბათ მკრეხელობად ჩამითვლის და გაეცინება თუ ვიტყვი, რომ ჩემი ღმერთი იყო ჩემი ბაბუ ან ბებო ან ის სახლი, რომელმაც მე „მე"-დ შემქმნა ან ის ღრუბელი, სადაც მე ,,მას" ვეძებდი, თუნდაც ის ღუმელი, რომელიც ჩემ სხეულთან ერთად სულსაც ათბობდა დილით, გემრიელ სურნელთან ერთად. და მე ახლა, მიუხედავად თქვენი ალბათ სინანულშერეული ღიმილისა, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ღმერთი მყავდა, ეხლაც მყავს და კიდევ ბევრი ვინმე გაღმერთდება ჩემ წინაშე, რადგან მე ღმერთად ვთვლი ყველა იმ სასწაულს, რომელსაც სითბოს, სიყვარულის, სიკეთის და ბედნიერების მოტანა შეუძლია. ჩემთვის ღმერთია ის ერთი, რომელიც ძალიან ბევრ დეტალს იტევს თავის არსში. დეტალებს, რომლებსაც შეუძლია ადამიანს სიყვარულის შეგრძნება მიანიჭოს და სული გაუთბოს. არავითარი სახელი, არავითარი განსაზღვრა არ სჭირდება იმას, რაც უბრალოდ უნდა იგრძნო. მართლა არ ვიცი ვის ვევედრები რას ვლოცულობ, მაგრამ მაინც ვლოცულობ...

გამოკითხვა