ENGLISH

ბლოგი

ნიკა სამადალაშვილი: "მე და რელიგია"

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის" ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ნიკა სამადალაშვილს ეკუთვნის. 

                                                              პროლოგი

    -   აჰა, გამარჯობა, მკითხველო. ვინაიდან და რადგანაც, მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი არ ქმნის ისეთ წარმოდგენას ჩემზე, რომ ცოტა უფრო მოთმინებით წაიკითხო ჩემი ესე და არც იმდენად ცნობილი ვარ, რომ ჩემდამი სიმპათიით იყო განწყობილი, გადავწყვიტე, ჩემი ესესათვის პროლოგი დამერთო. მთლად უაზრო ბოდვად რომ არ მოგეჩვენოს ჩემი ნაფიქრალი, რამდენიმე ფაქტს გეტყვი ჩემი ცხოვრებიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს რელიგიურ წარმოდგენებზე.

ყველაფერი დაიწყო ღრმა ბავშვობაში, ანუ 9 წლის ასაკში, როდესაც პირველად ჩემს ილუზიაში გაჩნდა ეშმაკი, შემკული ყველა იმ საზიზღარი თვისებით, რომელსაც საზოგადოება ბოროტ სულს უკავშირებს. მაგრამ მისი ეს ილუზიური ვიზიტი იმით იყო განსაკუთრებული, რომ თავისთან წაყვანას მპირდებოდა. მისი ორკვირიანი ვიზიტები კი დასრულდა იმით, რომ 1999 წლის 23 მარტს დამეჯახა მანქანა და ერთთვიანი კომის შემდეგ ძლივს გამოსტაცეს ჩემი თავი მას (ეშმაკს). რა თქმა უნდა, ის ყველა დიალოგი ბუნდოვან მოგონებად დარჩა.

შემდეგი ძლიერი შთაბეჭდილება - ზარების რეკვა სვეტიცხოველში. ეს მართლაც ენით აღუწერელი გრძნობაა, როდესაც უამრავი ზარი ერთ სამრეკვლოში ისე ჰარმონიულად ირეკება, რომ სული გითავისუფლდება უარყოფითი აურისგან და რაღაც არამიწიერი სიმსუბუქის გრძნობა გეუფლება. ამ დროს დავხუჭე თვალები და რამდენიმე წამით ჩემი მიწიერი გრძნობები შეწყდა.

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა პერიოდი, როცა მართლმადიდებლობის წიაღში ჩავიძირე და პირნათლად ვასრულებდი მრწამსის ყველა ასპექტს. ამ დროს ჩემს კითხვებს პასუხები გაეცა, მაგრამ ამ პასუხებმა უფრო მეტი კითხვა დაბადა. ამათ პასუხებმა - სხვა კითხვები და ასე „დაკითხვის" პერიოდი გაგრძელდა მანამ, სანამ არ გაჩნდა ინტერესი ფიზიკისა. უეცრად ჩემი აზროვნება, ჩემი მისწრაფება და მთლიანად ჩემი პიროვნება კვანტური მექანიკის, ფარდობითობის თეორიის და მეტაფიზიკის ბურუსით მოცულმა მომხიბვლელობამ შთანთქა. ეს იყო პერიოდი ჩემი გვიანდელი ბავშვობისა, ანუ 14-15 წლის ასაკი. ამ პერიოდში შევიძინე ფიზიკის ჩემი ცოდნის 90%. ამ პერიოდში ყოველთვის ვწუხდი იმის გამო, რომ დავშორდი ღმერთს და ათეიზმის პირველმა ნიშნებმაც იჩინა თავი.

შემდეგ წლებში რელიგიასთან მჭიდრო კავშირი აღარ მქონია, თუმცა ამ წლებში მივხვდი ყველაზე მთავარს: ფიზიკა მე ღმერთთან მაახლოებდა. ანუ მე ჩამოვშორდი ეკლესიას და არა ღმერთს. ამ აზრით გონებაგაჯერებულმა დავიწყე თეოლოგიის და ფიზიკის შესწავლა და შედარება. ამ ორი დისციპლინის შესწავლისას გამიჩნდა მოთხოვნილება შემესწავლა ფილოსოფია. ასე რომ, ჩემს ინტერესთა სფეროს დაემატა მესამე დისციპლინა.

 ამ  სამი პოზიციური და კონსტრუქციული მიდგომის ჭიდილში გაატარა ჩემმა აზროვნებამ დღემდე. ვეცდები ჩემი ფიქრები, რომლებსაც ესეში ვახსენებ, მაქსიმალურად გასაგები და არგუმენტირებულლი იყოს. მაშ ასე , დავიწყოთ ჩვენი ესე:

                                                                ესე

-         რამ განაპირობა რელიგიის წარმოქმნა  და როგორ შეძლო მან გარემოსთან ისეთი ადაპტაცია, რომ დღეს ყველაზე ძლიერ სტრუქტურას წარმოადგენს?

-         რატომ სჯერა ხალხს ინტუიციურ და კონტრინტუიციურ დონეზე არსებული რელიგიური წარმოდგენების უფრო, ვიდრე ფიზიკური ან თუნდაც ფილოსოფიური დასკვნების?

-     წარმოვიდგინოთ თავი იმ ადამიანის ადგილას, რომელიც ფლორის და ფაუნის თავისებურებების წინაშე დგას და მათი ფიზიკური და ბიოლოგიური ახსნა (სამეცნიერო დონეზე) არ  შეუძლია. ჩვენ გვჭირდება გარემოსთან ადაპტაცია, რადგან ვხვდებით, რომ  გარემო უფრო დიდი და ძლიერია. ჩვენ ვიწყებთ დაკვირვებას და პროცესების შესწავლას. მაგრამ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებსაც  ჩვენი გონება არგუმენტირებულ პასუხს ვერ სცემს. ანუ, ჩვენს ცნობიერებაში ჩნდება ცნება „ბუნებრივი" - იმის განსამარტად და აღსანიშნავად, რაც ჩვენს ლოგიკურ აზროვნებას და ცოდნას დავუკავშირეთ. და ცნება „ზებუნებრივი" - რომელსაც უფრო დიდი გონებისთვის გასაგებს ვუწოდებთ. ანუ, ჩვენს გონებაში გაჩნდა „შავი ყუთი", რომელმაც ყველაფერი იცის  და ყველაფერზე შეუძლია პასუხის გაცემა. იყო დრო, როდესაც ადამიანი მოქმედებდა იმპროვიზაციით, ანუ ეგუებოდა პირობებს და არ აინტერესებდა მიზეზები, მაგრამ, როცა ადამიანს მეტის გაგება მოუნდა, ანუ, როცა ადამიანის გონება უფრო დაიხვეწა და დაიწყო ძიება, დაინახა, რომ სამყარო ორობითია, ანუ არსებობს ორი მხარე: კეთილი და ბოროტი, დადებითი და უარყოფითი და ასე შემდეგ. დაიწყო ადამიანმა ამ ძალების გარჩევა, ზოგიერთი რამ სიამოვნებას ანიჭებდა, ზოგი -  ტკივილს და უსიამოვნებას. შესაბამისად, ადამიანის გონება არჩევნის წინაშე დგას. მაგრამ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ, რაც კარგია, ის აუცილებლად მიმზიდველი არ არის ადამიანისთვის. შესაბამისად, ადამიანს უხდება  თავის თავთან ბრძოლა,, რათა სრულჰყოს თავისი შესაძლებლობები და არჩევანი მხოლოდ კარგზე გააკეთოს. მოგეხსენებათ, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ადამიანს სჭირდება იმედი და რწმენა იმისა, რომ ამ ყველაფერს შეძლებს. ადამიანს სჭირდება ოცნება, რომ მისკენ ისწრაფვოდეს.

აქ თავს იჩენს „სპანდრელის" ეფექტი. „სპანდრელი" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს კიბის ქვეშ გაკეთებულ თაღს. თაღს  გარდა იმისა, რომ ადგილს ათავისუფლებს, სხვა დატვირთვა არ აქვს. ეს ადგილი შესაძლებელია დადებითად გამოვიყენოთ. ანუ, ადამიანს თავის თავთან ბრძოლაში შესაძლოა დაეხმაროს მითი, რომელიც ადამიანის ტვინში „სპანდრელის" სახით არსებობს. ასე შეიქმნა პირველი მითები. ზოგი მითი ეხმარებოდა ადამიანს იმაში, რომ ბევრი არ ეჭამა, ზოგი კი - სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ადამიანის იდეალური სახე, საითაც მიისწრაფვოდა ადამიანი და ამას მოჰყვა მითოლოგიის ჩამოყალიბებაც. იმას, რისკენაც მიისწრაფოდა ადამიანი, უწოდა „ჭეშმარიტი სული", ხოლო მას, ვინც ამაში ეხმარებოდა, უწოდა ღმერთი. ანუ, რელიგია ჩამოყალიბდა ადამიანის სრულყოფის დამხმარე საშუალებად და არა ერთადერთი  ხსნის გზად. - როგორ მოახდინა ადამიანმა ის, რომ დღეს რელიგია უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანი? - ადამიანი მოკვდავია, მას  სიკვდილის ეშინია, ამიტომ სჭირდება ის, ვინც ამ შიშის დაძლევაში დაეხმარება. და იქმნება მთელი რიგი მითებისა საიქიო ცხოვრებაზე. ჯერ კიდევ ეგვიპტურ მითოსში გვხვდება მითები საიქიო ცხოვრებაზე.  რელიგია ადამიანს უკვე, არა დამხმარე, არამედ  ხსნის ერთადერთ გზად ეჩვენება. ამიტომ იგი რელიგიას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ადამიანს.

ახლა ვუპასუხოთ მეორე კითხვას. როგორც ავღნიშნეთ, ადამიანის გონებაში არსებობს „ჯადოსნური ყუთი". იგი ამ ყუთს ენდობა და სწამს მისი. რა იცის ადამიანმა დედამიწის პროცესებზე? - ძალიან ცოტა. შესაბამისად, ნდობა ადამიანის მიმართ უფრო აკლია, ვიდრე „ჯადოსნური ყუთის" მიმართ. მეორე მხრივ, სამეცნიერო გამოკვლევები საფრთხეს უქმნის იმ წარმოდგენებს, რაც ადამიანს ბრმად სწამს ამ ყუთის გამო. შესაბამისად, ხდება მეცნიერების დაბლოკვა.

არსებობს თუ არა ღმერთი და ეშმაკი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ფიზიკა უფრო დამეხმარა. აი, რაში მდგომარეობს საქმე. ღმერთი და ეშმაკი წარმოადგენს ორ 180 გრადუსით განსხვავებულ მცნებას.  ავიღოთ პირობითად დადებითი და უარყოფითი. შუაწერტილში ისინი ერთმანეთს აბათილებენ. მაგრამ, მე თუ შუაწერტილში არ ვდგავარ, განვიცდი ერთ-ერთის ზემოქმედებას. შესაბამისად, თუ ჩემთვის არსებობს ერთი, არსებობს მეორეც. ორობით სამყაროზე ზემოთ მოგახსენეთ.

აქ მესამე ფაქტორი არის მანძილი. გააჩნია, ჩვენ საიდან ვაკვირდებით ღმერთს და ეშმაკს. თუ ჩვენ ელემენტალურ ნაწილაკებად აღვიქვამთ ჩვენს თავს - კი, იარსებებს. მაგრამ, თუ წარმოიდგენ, რომ დედამიწაზე მარტო ხარ, ყველაფერი შენია და თან უკვდავი ხარ, აქვს მაშინ ღმერთის არსებობას აზრი? მე მგონი, არავითარი. და სამყარო კიდევ ისეთია, რომ, რაც არის საჭირო, მხოლოდ ის არსებობს.

-   რა არის ჩემთვის ღმერთი? - ამ კითხვაზე რამდენიმე კვირა ვფიქრობდი ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი: ღმერთის შესახებ რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერი მართალი იქნება და თან ყველაფერი ცრუ. დაოსიზმი აღწერს ღმერთის ამ თვისებას ყველაზე კარგად, თავის „ინის და იანის" ფილოსოფიაში: ღმერთი არის ის, ვინც აერთიანებს დადებითს და უარყოფითს, დაბალს და მაღალს, ანუ ძალა, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს აერთებს. ეს ერთობა არის ღმერთი. შესაბამისად, შეგიძლია შენ მასში დაინახო (-∞;+∞) ანუ ყველაფერი, ან (-a +a=0) არაფერი. აი, მგონი წინა კითხვასაც უკეთ გავეცი პასუხი.

განვიხილოთ ადამიანის ცხოვრება და მისი რწმენა რაიმესადმი ან ვინმესადმი. 3-4 წლის ბავშვს დედა ყველაფრის მცოდნე ჰგონია. მის „ჯადოსნურ ყუთს" დედა წარმოადგენს. ცოტა მოზრდილი ბავშვი უკვე მასწავლებელს უფრო უჯერებს, ანუ მის კითხვებს პასუხს მასწავლებელი სცემს, შესაბამისად „ ჯადოსნური ყუთის" ფუნქციასაც ითვისებს. როდესაც ბავშვს ცხოვრებისეული კითხვები უჩნდება, ანუ ის  კითხვები, რომლებსაც მშობლები და მასწავლებელი ვერ პასუხობს, საქმეში ერთვება რელიგია, მღვდელი. და ასე მივდივართ ნელ-ნელა ღმერთამდე. საინტერესოა, აქ მთავრდება თუ გრძელდება კიდევ. წინა ყველა შემთხვევა გამოწვეულია იმით, რომ უმეცრები ვართ  და გვჭირდება სუბიექტი, რომელმაც ჩვენზე ბევრად მეტი იცის. თუ ადამიანმა მიაღწია „ჭეშმარიტ სულს", ანუ ყველაფრის მცოდნეს და შემოქმედს, რა მოხდება მერე? ვიფიქრებთ,  რომ ღმერთი ჩვენი „სპანდრელი" იყო?

რელიგია რა არის ჩემთვის? - ძალიან ბევრი რელიგია არსებობს, განსხვავებული ფსიქოლოგიითა და იდეოლოგიით, მაგრამ მე მათში ერთ საერთო თვისებას ვხედავ: ყველა მორგებულია იმ ტრადიციებს, რაც ამ რეგიონში დასახლებული მოსახლეობაშია გავრცელებული. კიდევ ვხედავ იერარქიას და სუბორდინაციას, მაღალ დონეზე გაბატონებულს. ეს პრაქტიკულ დონეზე, ხოლო იდეურ დონეზე რელიგია ესაა არაფორმალურ სწავლებათა ერთობლიობა, რომელიც ეხმარება ადამიანს „ ჭეშმარიტ სულთან" მიახლოებაში.

                                                        ეპილოგი

შესაძლოა ბევრი მაგალითი და არგუმენტი არ მომიყვანია ამ თემების და მოსაზრებების დასამტკიცებლად, მაგრამ ღმერთზე საუბრისას ყოველთვის ცდება ადამიანი, ჯერჯერობით იგი „ ჭეშმარიტი სულისაგან" ძალიან შორსაა.

გამოკითხვა