ENGLISH

ბლოგი

თინათინ მანია: "მე და რელიგია"

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის" ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, თინათინ მანიას ეკუთვნის.

(ბავშვობა)

11 წლის ვიქნებოდი, რელიგიის მასწავლებელი რომ ჯოჯოხეთის საშინელებებზე და იმ ცოდვილ ადამიანებზე გვესაუბრა, იქ რომ უნდა მოხვედრილიყვნენ. დიდხანს ვფიქრობდი და ძლივს გავუბედე კითხვა, ის კეთილი და კარგი ადამიანები სად მიდიან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ-მეთქი? შემომხედა და ხაზგასმული დარწმუნებულობით მითხრა, ასეთი ადამიანი კეთილი და კარგი ვერ იქნებაო. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. მასწავლებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვები სანდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ მე მყავდა და, რომელსაც ღმერთი არ სწამდა. მისი ნათქვამით კი გამოდიოდა, რომ  არც კარგი ადამიანი იყო და თან ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის იყო განწირული. სახლში დაბრუნებული ირიბი კითხვებით ვცდილობდი გამომეტეხა ჩემი და, სწამდა თუ არა ოდესმე ღმერთის, ან თუ ჰქონდა შემორჩენილი პატარა ეჭვი მაინც, რომ ის არსებობდა? უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, იქნებ კიდევ აქვს შანსი-მეთქი...

***

ჯერ სკოლაშიც არ ვსწავლობდი. მახსოვს, როგორ მოგვივიდა ოჯახში სტუმრად ახლობელი, მე კი საძინებელში გამისტუმრეს. იქიდან მესმოდა ტირილით რომ უყვებოდა დედაჩემს საკუთარ დედაზე, მკერდის კიბოთი რომ ეღუპებოდა. პატარა ვიყავი და მართლმადიდებლური ხატების იკონოგრაფიაზე არაფერი მსმენოდა. უბრალოდ ის ვიცოდი, რომ და ვინჩის ოქროსფერჩარჩოიანი  ნახატი კედელზე ღვთისმშობელსა და იესოს გამოსახავდა. ამიტომ საწოლზე ავძვერი და მადონას მუხლებზე დაჩოქილმა, მთელი გულით ვთხოვე დახმარება იმ ქალის გადასარჩენად, თვალითაც რომ არ მენახა. არ იყო ამ სიტყვებში არც ერთი დაწერილი ლოცვის სიტყვები, ისე ვთხოვე, ბავშვურად და გულუბრყვილოდ. როგორც იმ ადამიანს ვთხოვდი, რომელიც ჩემზე დიდი და ძლიერი იყო და ამიტომ ჩემზე გაცილებით მეტი შეეძლო.

***

ბავშვობაში ჩემი ღმერთი რუსული, დასურათებული ბიბლიის ღმერთი იყო. რუსულად კითხვა არ ვიცოდი (საერთოდაც, არც ერთ ენაზე არ ვიცოდი კითხვა), მაგრამ ხატვა მიყვარდა და საათობით ვათვალიერებდი ბიბლიის გვერდებზე კაროლსფელდის შავ-თეთრ გრავიურებს. ახლაც კი, როცა ღმერთს ახსენებენ, ხშირად ის ლამაზი მოხუცი წარმომიდგება ღრუბლების ფონზე: ნაოჭებასხმული გრძელი კვართით, დატალღული ჭაღარა თმა-წვერითა და მშვიდი სახით.

(მოზარდობა)

ათეისტებთან უაზრო კამათში მოზარდობისას ბევრჯერ ჩავრთულვარ, ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხელშესახებ ფაქტებს ითხოვდნენ, რწმენა კი ასეთ ფაქტებზე არ არის დამყარებული. მათი არგუმენტების გასაბათილებელი განათლება არ მქონდა, საბავშვო ბიბლიით შორს ვერ წავიდოდი, ამიტომ ხშირად დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.

რადგან შინდისფერყდიან, უზარმაზარ ბიბლიასთან შეჭიდება ასე მიჭირდა, ღმერთთან დასაახლოვებლად უფრო მარტივ გზად მარხვა მეჩვენა. ოღონდ ღირსეული მოძღვრის არჩევა რთულად გადასაწყვეტი საკითხი იყო ჩემთვის, ბევრ ძიებას რომ მოითხოვს ისეთი და სამომავლოდ გადავდე. ისე ვმარხულობდი, ჩემთვის, ჩუმად. არავისთვის გამიმხელია, რომ მარხვაზე ვიყავი, ამიტომ პატარა ტყუილების თქმაც მიწევდა და, როცა შოკოლადს მთავაზობდნენ, - არ მინდა-მეთქი, ვუარობდი. ამ მარხვისას სულ სიამაყის განცდა მახლდა თან, თითქოს რაღაც გამორჩეულსა და მნიშვნელოვანს ვაკეთებდი.

* * *

იყო უხერხული მომენტებიც. სამხატვრო სასწავლებლიდან გამოსულები სადმე ეკლესიას რომ ჩავუვლიდით, ჩემი მეგობრები პირჯვარს იწერდნენ. მე კი ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი, როცა ეკლესია გეძახის. მართლა აქვს ზოგ ტაძარს ასეთი ძალა, მაგალითად, მცხეთის ჯვარს. დაგყურებს ზემოდან ზვიადად, მთას შერწყმული სასწაულივით და ამ თავისი ძალით „გაიძულებს" პირჯვარი გამოისახო. ასეთი პირჯვრის მწამდა, მაგრამ ჯგუფელების მიბაძვით მაინც ვისახავდი პირჯვარს სხვა ეკლესიებთანაც. ოღონდ სინდისი მქენჯნიდა, მექანიკური იყო ეს ყველაფერი და არაგულწრფელი. ამიტომ ცოტა ხანში მივატოვე. მახსოვს როგორ იჭვნეულად გადმომხედავდნენ ხოლმე, როცა მათი პირჯვრის გადაწერის ცერემონიალს უძრავად შევყურებდი, მეშინოდა, რომ ამის გამო შეიძლება ისე აღარ ვყვარებოდი, როგორც უწინ.

(ახალგაზრდობა)

თორნიკე გაცნობიდან ერთ კვირაში შემიყვარდა. არასდროს არ მენახა ასეთი მომხიბვლელი, თბილი, მხიარული ადამიანი. ისეთი, ყველას რომ ადვილად უყვარდება, ყოველთვის შეუძლია გაგაცინოს და ოცდახუთი წლისაც კი ბავშვივით გულახდილი და სუფთაა. დიდხანს მიყვარდა, დიდხანს და უიმედოდ, მარტო მეგობრობას ვიღებდი სანაცვლოდ და ისეთ დღეში ჩავვარდი, თავადვე ავუხსენი სიყვარული და ვთხოვე აღარასდროს შემხმიანებოდა, იმიტომ რომ ძალიან მტანჯავდა ეს უმომავლო ურთიერთობა.

მერეღა, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად გავიგე, რომ თორნიკე იმ აღმსარებლობისა იყო, ასე რომ არ უყვართ საქართველოში. თურმე ჩვენი საკმაოდ ახლო მეგობრობის პერიოდში მუდმივად მალავდა ამას, მალავდა ყველა ხერხით.  თავიდან ძალიან მძაფრად აღვიქვი ეს სიახლე. „ოღონდ ეს არა!" - მიტრიალებდა თავში. გამიჭირდა მაშინვე შეგუება, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხანი მოვუნდი ამ ამბის გადახარშვას. ცნობის დონეზე კი შემომრჩა, მაგრამ ამ ინფორმაციას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს განცდებთან, ეს მრწამსი ხომ იმ ადამიანისა იყო, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულმა გამიარა, ამ მოულოდნელ აღმოჩენას მერეც არაფერი შეუცვლია მის მიმართ დამოკიდებულებაში. თორნიკე დღემდე განსაკუთრებულ ადამიანად რჩება ჩემს ნაცნობებში, ყველასთან მხიარულება რომ მოაქვს, ისეთად.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. პირველად დავფიქრდი, რომ გარკვეული მიზეზების გამო მოძულებული მრწამსის მქონე ადამიანები არ შეიძლება ამ მრწამსის გამო ერთნაირებად მიიჩნიო და მათი დანახვისას მხოლოდ ეს ერთადერთი იარლიყი გახსენდებოდეს. კათოლიკე, მუსლიმი, ბაპტისტი, იეჰოვას მოწმე, ათეისტი... ეს სამედიცინო დიაგნოზი არაა.

კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი რწმენის დამალვა უწევს, ვერასდროს იქნება ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი. ამ შემთხვევაში პრობლემა მასში კი არა, ჩვენშია. იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი დამოკიდებულების გამო აიძულებს დამალოს საკუთარი არცთუ ისე პოპულარული აღმსარებლობა. მალავს კი იმიტომ, რომ არ გაირიყოს, იმიტომ, რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს და იმიტომ, რომ ისე არ დაუწყონ ყურება, როგორც უცხოს.

***

არ მახსოვს, როდის მოხდა ეს, მართლა არ მახსოვს. უბრალოდ, ერთ დღეს ღმერთმა ჩემთვის  არსებობა შეწყვიტა. თეთრწვერა, ყოვლისშემძლე მოხუცი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. მხოლოდ შესისხლხორცებული ჩვეულებები დამიტოვა - ხატებისადმი მოწიწება,  შობისა და აღდგომის აღნიშვნა, შეძახილი „ქრისტე აღსდგა"...  თვითონ კი სადღაც მითოსის სამყაროში გადაინაცვალა ზევსის, პოსეიდონისა და ჰადესის გვერდით, თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით, ეშმაკითა და ანგელოზებით. ისტორიული ფაქტებისა მჯეროდა, ოღონდ სანახევროდ. ქრისტე ნამდვილად უნდა არსებულიყო, მაგრამ მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორსაც ბიბლია აღწერდა.

მაგრამ მე ახლაც მეშინია ამის გამხელის, მეშინია იმიტომ, რატომაც პირჯვრის გადაუწერლობისას მეშინოდა,  მეშინია იმიტომ, რატომაც შემეშინდა 11 წლისას, როცა გავიგე, რომ ურწმუნო არ შეიძლება კეთილი იყოს. ვაითუ, ბევრი ფიქრობს ასე, ვაითუ, ის ფაქტი, რომ მე ღმერთის არ მწამს, შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ ადამიანებმა აღარ მიმიჩნიონ თავისიანად. დამიწესონ ლიმიტები და საზღვრები, რომლის იქითაც ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია გამოთქვას აზრი, ჩაერთოს რელიგიურ საკითხებზე კამათში და ისაუბროს სიკეთეზე.

***

14 წლით უკან რომ დავბრუნდე, ჩემს მასწავლებელს ვეტყოდი, რომ ცდება. რომ მისმა ღმერთმა უმნიშვნელოვანესი ღირებულება დაგვიტოვა - არჩევანის თავისუფლება. რომ ერთი სახის არჩევანი ავტომატურად არ გულისხმობს სხვა არჩევნების კომპლექტს. ის, რომ ადამიანი ათეისტია, არ ნიშნავს მანკიერი თვისებების ნაკრების ფლობას. ეს, საერთოდ, არაფერს ნიშნავს. ადამიანობა არ იზომება ერთადერთი საზომი ერთეულით რწმენით.

ვეტყოდი, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან, რომ არსებობს უამრავი ღმერთი, რელიგია და მრწამსი და თითოეული მათგანის მიმდევრებში იყვნენ გმირები, ქველმოქმედები, სამშობლოსთვის შეწირულები... უბრალოდ, კარგი მამები და დედები, ღირსეული მეგობრები და ერთგული მეუღლეები... რომ ღმერთი, თუ ის არსებობს, ასეთ ადამიანებს თვლის მისი მცნებების ერთგულად. რომ მართლმადიდებლური წესით მონათვლა სულაც არ არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისა და სინათლისაკენ. იმასაც ვეტყოდი,  რომ შოკოლადის ჭამა-არჭამა, სინამდვილეში, არაფერს წყვეტს და რელიგია არ დაიყვანება ასეთ წვრილმანებზე. ღმერთი (თუ ის არსებობს) გაცილებით დიდი უნდა იყოს, ამ დეტალებზე ამაღლებული. რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულის უნარი უნდა იყოს, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი და რას აკეთებენ ამ სიყვარულის ძალით.

მე ასეთი ადამიანების მჯერა, სხვადასხვა რელიგიისა და მრწამსის მიმდევრების, განსხვავებულების, ფერადების, იმათი, ვისთვისაც სიყვარული, თავისუფლება და სიკეთე ცარიელი სიტყვები არაა. ვინც ამისთვის შრომობს, იღვწის და იბრძვის. თუ ოდესმე ისევ ვიწამებ, მხოლოდ მათ საერთო ღმერთს. რადგან ის იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მე ასეთი ღმერთის მინდა მჯეროდეს.

 

 

 

გამოკითხვა