ENGLISH

ბლოგი

უჩა ავსაჯანიშვილი:"სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში: სამართლიანი არჩევნების კრიტერიუმები"

უჩა ავსაჯანიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.   

                                           „ის, ვინც ყველა უნდა მართოს, ყველას მონაწილეობით უნდა აირჩეს".

                                                                                                                     პლინიუს უმცროსი


არჩევნების მსოფლიო ისტორია ორი ათას წელზე მეტს ითვლის და დასაბამს ძველ საბერძნეთში იღებს. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე უკვე მაშინ საუბრობდნენ (დემოსთენე, ქსენოფონტე და ა.შ.). არჩევნების არსებობა დღესაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა სამართლიან არჩევნებს რაც შეეხება, დღეს სამართლიანობის სრულიად სხვა კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ძველ საბერძნეთში სამართლიან არჩევნებად ითვლებოდა პროცესი, რომლის დროსაც პოლისში მცხოვრები 20 წელს მიღწეული მამაკაცები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახალხო კრებას მართავდნენ და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ღია ან ფარულ კენჭისყრას ატარებდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის მიღწევის პირველ წლებში ასეთად განიხილებოდა პროცესი, რომლის ფარგლებში ხმის მიცემა ნებადართული იყო მხოლოდ გარკვეულ ასაკს მიღწეული თეთრკანიანი მამაკაცებისთვის, რომლებსაც შესაბამის შტატში საკმაოდ დიდი ქონება უნდა ჰქონოდათ.

როგორც ვხედავთ, სამართლიანი არჩევნების ცნება არ ყოფილა უნივერსალური და შეუცვლელი, არამედ განსხვავებული იყო სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებაში. სამართლიანი არჩევნების დღეს არსებული კრიტერიუმები სწორედ ისტორიის მანძილზე დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით ჩამოყალიბდა, თუმცა ეს სტანდარტები ზუსტად გაწერილი არც ერთ დეკლარაციასა თუ კონვენციაში არ არის. ამის მიუხედავათ, შევეცადოთ გამოვყოთ და მოკლედ დავახასიათოთ სამართლიანი არჩევნების მინიმალური კრიტერიუმები.

საყოველთაობა და თანასწორობა

აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს როგორც იმას, რომ ამომრჩეველთა ხმებს თანაბარი წონა ჰქონდეთ, ასევე იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველას უნდა შეეძლოს ქონების, აღმსარებლობის და სხვა ფაქტორების მიუხედავად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე შეზღუდვები საერთოდ არ უნდა დაწესდეს (მაგალითად, ასაკობრივი ცენზი), მაგრამ ასეთი შეზღუდვების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს.

გაერთიანების თავისუფლება

არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს, უნდა არსებობდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, ანუ ამომრჩევლის წინაშე, სულ მცირე, რამდენიმე და არა ერთი (როგორც მაგალითად, საბჭოთა კავშირში ან დღევანდელ ჩინეთში) ვარიანტი უნდა იყოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის და მათში გაწევრიანების შესაძლებლობა.

არჩევნების ჩატარება დროის გონივრული ინტერვალების დაცვით

ბუნებრივია, რომ არჩევნების არსებობა აზრს დაკარგავს, თუ მხოლოდ ერთხელ ან დროის ძალიან დიდ ინტერვალებში ჩატარდება. აღნიშნული მოთხოვნა, მაგალითად, განმტკიცებულია ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტში, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ თავისუფალი არჩევნები დროის გონივრულ ინტერვალებში ჩაატარონ.

გამჭვირვალოვა და კონტროლი

არჩევნები წინასწარ დადგენილი პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს, შედეგები უნდა გამოქვეყნდეს და უნდა არსებობდეს დაცვის მექანიზმები მათი გაყალბებისგან. ეს გამოიხატება, მაგალითად, სპეციალური ორგანოს შექმნაში, რომელიც არჩევნებს მიუკერძოებლად ჩაატარებს, კონტროლს გაუწევს წინაასაარჩევნო კამპანიას, გამოაცხადებს შედეგებს და არჩევნების დროს დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. აღნიშნული კრიტერიუმი ასევე გულისხმობს არჩევნებზე დაკვირვების და მათი გაშუქების შესაძლებლობას მასობრივი საშუალებების და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ.


არჩევნების გარდა, დემოკრატიის განვითარებაზე კიდევ უამრავ ფაქტორს აქვს გავლენა, მაგრამ სწორედ სამართლიანი არჩევნები არის ის უნივერსალური ინსტიტუტი, რომლის წარმატებულად ფუნქციონირება დემოკრატიის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ამავე დროს, როგორც უკვე ვახსენე, კრიტერიუმები, რომლებითაც არჩევნების სამართლიანობა იზომება და ფასდება, ცვალებადია ისტორიის მანძილზე. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად დემოკრატიაც არაა უცვლელი, არამედ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 28-ე პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა აღნიშნა, „ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, მუდამ ცვლილებას განიცდის. ეს არაა ადვილი საქმე - თავისუფალი ერის სიცოცხლით ცხოვრება".

გამოკითხვა