ENGLISH

ბლოგი

ნატალია ჯაში: „სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

ნატალია  ჯაშმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

დემოკრატიისადმი დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. თუ ანტიკურ ხანაში მას ხშირად ოხლოკრატიასთან, "ბრბოს მმართველობასთან", აიგივებდნენ და უარყოფით კონტექსტში განიხილავდნენ, დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. დემოკრატია მმართველობის ყველაზე სასურველ ფორმად არის მიჩნეული და ბევრ ქვეყანას მიზნად აქვს დასახული მისი ღირებულებების დანერგვა.

დემოკრატიული განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია არჩევნების როლი, რომლის ინსტიტუტიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა. მართალია, სამართლიანი არჩევნები არ არის ერთადერთი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი კი უდავოდაა. არჩევნების პროცესი - ესაა დემოკრატია მოქმედებაში. სწორედ ამ გზით შეუძლია ხალხს აირჩიოს, აკონტროლოს და, უკმაყოფილების შემთხვევაში, შეცვალოს კიდეც ხელისუფლება.

პრაქტიკაში არჩევნები ბევრ სირთულეს აწყდება. ჩნდება კითხვები: ვის უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება? რომელი თანამდებობები უნდა იყოს არჩევითი? როგორი საარჩევნო სისტემაა ყველაზე კარგი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხისას ვერ გამოვყობთ მხოლოდ ერთს და მივიჩნევთ როგორც საუკეთესოს, რადგან თუ ერთი ქვეყნის შემთხვევაში ამართლებს რაიმე, სხვაგან შესაძლებელია, სულაც არ იყოს ხელსაყრელი. ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა აირჩიოს, მაგრამ რას ვგულისხმობთ "ხალხში"? ვის უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და ვის არა? ამ ყველაფრისადმი განსხვავებული ხედვა არსებობდა სხვადასხვა ეპოქაში. ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა ზღუდავდა განურჩევლად ყველას პოლიტიკურ მონაწილეობას და ზოგჯერ, ძალიან მკაცრადაც. მაგალითად, ძველბერძნულ პოლის ათენში მმართველობაში თანამონაწილეობის უფლება მხოლოდ ათენშივე დაბადებულ, 20 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ჰქონდათ. იყო დრო, როდესაც ქალებს არ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა. მაგალითად, ნორვეგიაში - 1921 წლამდე, საფრანგეთში - 1944 წლამდე, იტალიაში, იაპონიასა და ვენესუელაში - 1946 წლამდე, ბელგიაში - 1948 წლამდე და რაც შეეხება შვეიცარიას, აქ ისინი საარჩევნო ურნებთან, არც მეტი, არც ნაკლები, 1971 წელს მიუშვეს. შეზღუდვები იყო რასობრივი ნიშნითაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც რასობრივი კრიტერიუმით ხმის მიცემა 1994 წელს მოისპო. ამას წინ უძღოდა დიდი ბრძოლა, რომელსაც სათავეში ნელსონ მანდელა ჩაუდგა. ცენზების არსებობა მიზნად ისახავდა იმას, რომ არჩევნებში არ დაეშვათ არასასურველი ხალხი, მაგალითად, უქონელნი, მუდმივი ბინადრობის არმქონენი, წერა-კითხვის უცოდინარნი და სხვა. ასეა თუ ისე, დღეს ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. მართალია გვიან, მაგრამ მაინც.

თუმცა, ასე მარტივადაც არაა საქმე. სამართლიანი არჩევნები გულისხმობს არა მარტო ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებას, არამედ გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორიც. ასევე საინტერესოა რა ახდენს გავლენას ამომრჩეველთა აქტიურობაზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კანონით სავალდებულოა არჩევნებზე გამოცხადება. მაგალითად, ავსტრალიაში თუ არჩევნებზე არ მიხვედი, დაგაჯარიმებენ; საბერძნეთსა და პერუში კი შესაძლებელია სამთავრობო უწყებებმა მომსახურებაზე უარი გითხრან; ასევე საინტერესოა ბრაზილიაც, სადაც ადამიანს, რომელსაც შეუსრულდება 18 წელი და არ მივა არჩევნებზე, არ მისცემენ პასპორტს. იგი პასპორტს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ არჩევნებზე გამოცხადდება. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ხმის მიცემის წამახალისებელი გზები: არჩევნების დღის უქმედ გამოცხადება, ორდღიანი არჩევენების ჩატარება და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ამომრჩევლის რეგისტრაცია ინდივიდუალური საქმეა, მაშინ, როცა თითქმის ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყანა რეგისტრაციის ტვირთს ხელისუფლებას აკისრებს. რა თქმა უნდა, ამასაც აქვს გავლენა ამომრჩეველთა აქტიურობაზე.

სამართლიანი არჩევნების ჩატარებისას ასევე მნიშვნელოვანია, არის თუ არა კონკურენცია პარტიებს შორის. მაგალითად, სსრკ-ს თუ გავიხსენებთ, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელ და წარმმართველ ძალად კომუნისტური პარტია მიიჩნეოდა და ეს კონსტიტუციაშიც იყო დაფიქსირებული, სასაცილოა სამართლიან არჩევნებზე საუბარი. იმისთვის რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაითვალოს, სულ მცირე, საჭიროა იყოს ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული არჩევნების ჩატარებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რა ხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში; ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც ხალხის ნება უგულებელყოფილია, სადაც არჩევნები გამუდმებით ყალბდება, ნელ-ნელა იზრდება უკმაყოფილება. იმისთვის რომ გარკვეულწილად ხალხისგან წამოსული წინააღმდეგობა შეაკავონ, ამავე დროს პოლიტიკური ძალები, ერთი მხრივ, ცდილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას (რომაელი პოეტის სიტყვებისა არ იყოს, საჭიროა მივცეთ ხალხს "პური და სანახაობა" - "Panem et circenses"), ან, მეორე მხრივ, ცდილობენ მათ დაშინებასა და დამორჩილებას.

თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები. ხელისუფლებას ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, თორემ შესაძლებელია საქმე იქამდეც მივიდეს, რომ დაამხონ. გამწარებული ხალხი აღარ დაეძებს, ვინ მოვა, მთავარია წავიდეს არსებული ხელისუფლება, ეს შეიძლება მოხდეს მშვიდობიანი გზით ან რევოლუციით. ასეთ ვითარებაში არჩეული ხელისუფლება, როგორც წესი, აბსოლუტური უმრავლესობით მოდის. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და პირველად საქართველოს ისტორიაში არსებული ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. რა თქმა უნდა, იყო რიგი დარღვევებიც, ზოგიერთ უბანში ხმების გაყალბება მაინც მოხერხდა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ის, რომ ქართველ ხალხს არჩევნებისადმი უნდობლობა აქვს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ცესკოს კალამით ნაწერი ქრება" და ზოგი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე საკუთარი კალმით გამოცხადდა (მათ შორის მეც, ცოტა არ იყოს ირონიული განწყობით, თან უხერხულობის განცდით). საარჩევნო კაბინაში შესულს სიცილი ამიტყდა. ათი თუ მეტი კალამი დავინახე, წინდახედულ, მზრუნველ წინამორბედთა დატოვებული. გამოჩნდა ხალხის მონდომება, იმედი ცვლილებისა და იმის სურვილი, რომ არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს, "გაქრეს"... დასავლეთის ქვეყნებისთვის ეს ფაქტი ალბათ მეტად სასაცილო იქნება, მაგრამ ბევრი ქართველისთვის არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება.

გამოკითხვა