ENGLISH

ბლოგი

სოფიო ჯაში:"სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში"

სოფიო  ჯაშმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

სიტყვა დემოკრატია დღეს დადებით ასპექტში მოიაზრება. უფრო მეტიც - გაიდიალებულია. თვით ავტორიტარული რეჟიმებიც კი მის ფასადს ამოფარებიან და თავს იწონებენ - ჩვენც დემოკრატიულნი ვართო. არადა მათი მცდელობა თავის ასეთად წარმოჩენისა ხშირ შემთხვევაში თვალშისაცემია, ზოგჯერ - შეფარული. განვითარებად ქვეყნებში არჩევნები ტარდება არა ხალხისთვის, არამედ იმისათვის, რომ დასავლეთს მოაწონონ თავი. სწორედ აქ ვლინდება ფსევდოდემოკრატია. პოლიტიკური ელიტა ხეირს, ფინანსებს ელოდება. ხალხის ინტერესები კი დაუკმაყოფილებელი რჩება.

მრავალთა აზრით, დემოკრატია მიუღწეველია არჩევნების გარეშე. მაგრამ მხოლოდ არჩევნების ჩატარება როდი განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოვიყვან სსრკ-ს მაგალითს. იქაც კი ტარდებოდა არჩევნები, რათა ლეგიტიმურობის ფორმალური განაღდება მომხდარიყო, მაგრამ შეგვიძლია კი ამ პროცესს სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ და სსრკ-ს კი - დემოკრატიული? სსრკ-ს პირობებში ხომ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ილახებოდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაღად დაესვა წარსული. სსრკ-ს დაშლა არ გულისხმობდა უეცრად მოსულ დემოკრატიას ლიბერალური გაგებით. ამ ქვეყნებს დაბრკოლებებით აღსავსე გზა აქვთ გასავლელი. ამ გზაზე ზოგიერთი ქვეყანა დაწინაურდა, სხვები შედარებით ჩამორჩებიან. დემოკრატიული განვითარების პროცესში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უჭირთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ ქვეყნებში სახელმწიფო სისტემა ვერ ფუნქციონირებს ხალხის ნების შესაბამისად, მას ხალხი კი არ მართავს, არამედ ძალაუფლება ერთი კლანის, ელიტის ხელშია თავმოყრილი. მონოპოლიური პარტიები წარმატებით ახერხებენ ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნებას და სამხედრო პუტჩისა თუ რევოლუციის გარდა მათ შესაცვლელად არანაირი სხვა მექანიზმი არ არსებობს. დროთა განმავლობაში ისინი, ფაქტობრივად, სახელმწიფო მანქანის ფუნქციებსაც ითავსებენ. ასეთ რეჟიმებში მმართველ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უნარი, ფინანსური თუ სხვა სახის მაქინაციების გარეშე მოახერხოს არსებობა.

აქვე სხვა პრობლემაც იჩენს თავს. პატრონ-კლიენტელური ურთიერთობები იმდენადაა ფესვგადგმული, რომ მისი აღმოფხვრა მეტად საძნელო საქმეა. შედეგად ისეთი საზოდაგოება ყალიბდება, რომელიც თავის ბატონს ეფერება, უერთგულებს, ემორჩილება, ანაგრიშს უწევს. ვერ ცვლი მმართველს? დაემონე, იქნებ ხეირს გამოჰკრა ხელი? ასეთი ხედვა, საბოლოოდ, სახელმწიფო სისტემის დეგრადირებას იწვევს. რა თქმა უნდა, პრივილეგირებული ყველა ვერ იქნება. ადამიანთა უმრავლესობა ე.წ. რიგითი ადამიანების ადგილს იკავებს, მაგრამ მუდმივი დაშინება, შევიწროება, ჩაგვრა იწვევს მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობიდან ჩამოშორებას და მათ პროტესტის გამოხატვის საშუალებაც კი არ ეძლევათ. თუ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში მთავრობა ემორჩილება ხალხს, ასეთ დეგრადირებულ სისტემებში პირიქით ხდება - ხალხი იძულებულია დაემორჩილოს პოლიტიკური თამაშის წესების დამკვეთს. ამას თან სდევს არჩევნების გაყალბებაც. შედეგად იკვრება მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება ძლიერი საშუალო კლასის არსებობაა, რომელიც დამოუკიდებელი შემოსავლით ირჩენს თავს (ექიმები, მცირე ბიზნესმენები, ფერმერები და სხვა). მაგალითისათვის, აშშ-ს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ამერიკის ფერმერთა ბიუროების ფედერაცია" წარმოადგენს ფერმერთა ინტერესებს. ესაა ინდივიდთა ორგანიზებული ერთობა, რომელსაც აერთიანებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები და რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ალექსის დე ტოკვილი, ამერიკის ფრანგი სტუმარი, მეცხრამეტე საუკუნის ადრეულ წლებში გაოცებული იყო ამერიკაში საზოგადოებრივ ორგანიაზაციათა სიმრავლით: "ყველა ასაკის, ყოველგვარი პირობების მქონე, ყველანაირი განწყობის ამერიკელები გამუდმებით ქმნიან ასოციაციებს". ტოკვილი ვარაუდობდა, რომ ორგანიზაციების ასეთი იოლი შექმნა ამერიკის ძლიერ დემოკრატიულ კულტურაზე მეტყველებდა. მმართველი პოლიტიკური ძალები კი აცნობიერებენ, რომ იგივე ფერმერთა განაწყენება გამოიწვევდა მხარდამჭერთა ხმების დაკარგვას, ამიტომ ფრთხილობენ, უსმენენ და მათ ინტერესებს ითვალისწინებენ, ხალხისგან მიღებულ წვლილს (input - რაც, ისტონისეული განმარტებით, ერთდროულად მხარდაჭერასაც გულისხმობს და მოთხოვნებსაც) ხალხს მეტ-ნაკლებად სასურველი სარგებლის სახით უბრუნებენ. რაც პოლიტიკური სისტემის ფუნქციონიერების ქვაკუთხედია.

დემოკრატიულ პროცესში საზოგადოებას აქვს ხელისუფლებაზე ზეწოლის ქმედითი მექანიზმიც. ჩარლზ ლინდბლომს ამის მაგალითად ნიუ-იორკის მუნიციპალური მოსამსახურეების მიერ გაფიცვის მუქარის გამოყენება მოჰყავს. ამას გარდა, აშშ-ში ექიმებს აქვთ პრივილეგირებული მგდომარეობა ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მაგალითებზე.

განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში სხვა სურათთან გვაქვს საქმე. აქ სამართლიანი არჩევნების ჩატარება ფუფუნების საგანს წარმოადგენს. როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ ფუნციონიერებს, როდესაც მხოლოდ სიტყვიერად არის აღიარებული დემოკრატიული პრინციპები და მათი რეალური ხორცშესხმა ვერ ხდება, ამ დროს ხალხში შინაგანი კონფლიქტი იჩენს თავს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ არასამართლებრივი გზით ცვლის არსებულ ხელისუფლებას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ზედმეტი დაშინება, უსამართლობა ბუმერანგივით უბრუნდება უკან ხელისუფალს. საზოგადოების მუდმივი დაშინება ჯერ პანიკას, შემდეგ კი გაუაზრებელ, ინსტინქტურ ქმედებას იწვევს. თუ მოქალაქე ადრეულ ეტაპზე აცნობიერებს თავის უსუსურობას, შემდეგ, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, შეტევაზე გადადის. ამ მხრივ საყურადღებო თუნდაც "არაბული გაზაფხულია". საზოგადოებას უწევს არასამართლებრივი მეთოდებით ებრძოლოს უსამართლო ხელისუფლებას. რა ხდება შემდეგ? ნიშნავს კი ახალი ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიულობის დამყარებას? ესაა ევოლუციური პროცესი, რომელიც ვერასოდეს განხორციელდება უეცრად. ამ საკითხს კი უშუალოდ ებმის სამართლიანი არჩევნების თემა. ახლა წარმოვიდგინოთ: ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, არც არავის გაუყალბებია და გაიმარჯვა რომელიმე პარტიამ. ასეთ შემთხვევაშიც კი დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაგვიტარებია, რადგან არჩევნები სულაც არ არის მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოც. თუ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული, თუ მას მუდამ აშინებენ და ავიწროებენ, თუ "პოლიტიკურ ბაზარზე" არაკონკურენტული გარემოა, თუ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება და სხვა მრავალი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს, მაშინ ვერც არჩვენებს ვუწოდებთ სამართლიანს. სწორედ აქ ვლინდება დემოკრატიული განვითარების პროცესში სამართლიანი არჩევნების ჩატარების სირთულე, რის მაგალითადაც საქართველოც კმარა.

დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ პირობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს, მისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტებით (განვითრებული მრავალპარტიული სისტემა, მდგრადი საკანონმდებლო ბაზა, დემოკრატიული ტრადიციები). დროთა განმავლობაში თუ საზოგადოებაში ჩნდება ცვლილებების მზაობა, მას შესაბამისი ქმედებაც მოყვება. 

გამოკითხვა