ENGLISH

ბლოგი

ნოდარ ეჟიშვილი:„სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

ნოდარ ეჟიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.    

დასავლურმა სახელმწიფოებმა მეოცე საუკუნე საარჩევნო პროცესის სრულყოფასა და საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებას მოანდომეს. ეტაპობრივად, სამოქალაქო ბრძოლების შედეგად, მოიხსნა უამრავი საარჩევნო ცენზი (ქონებრივი, ასაკობრივი, სქესობრივი, რასობრივი, პროფესიული და სხვა). დაიხვეწა კენჭისყრის პროცედურები, კონკრეტული სახელმწიფოებისათვის შესწავლილი და დანერგილი იქნა შესატყვისი საარჩევნო სისტემები. საარჩევნო პროცესის სრულყოფის პარალელურად მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის ნორმებისა და სტანდარტების ფორმირება, არჩევითი ორგანოს ან პირის ოპტიმალური არჩევითი ვადის განსაზღვრა, მოსახლეობის სამოქალაქო კულტურისა და თვითშეგნების ამაღლება.

თავის მხრივ, წესად ქცეულმა სამართლიანმა არჩევნებმა მოახდინა დემოკრატიის ფუნდამენტური თეზისის ხორცშესხმა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის უმრავლესობის ნების პრიმატს და იმავდროულად უმცირესობის ყველა სამოქალაქო უფლების სრულ დაცვას.

ამასთან ერთად სამართლიანი არჩევნები გახდა თავისუფალი ქვეყნის მოდელის ქვაკუთხედი, მყარი ბაზისი, რომელზედაც უნდა დაშენებულიყო ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ელექტორატის სამოქალაქო მსოფლმხედველობა, გარკვეული იდეების, იდეალებისა და იდეოლოგიისადმი ლოიალობა, არჩევნების შემდგომი სახელმწიფოებრივი, სოციალური არჩევანები და გადაწყვეტილებები.

ყველაფერ ამასთან ერთად პრაქტიკამ ისიც ცხადყო, რომ სრულყოფილი საარჩევნო პროცესის პირობებშიც კი, არჩევნები საჭიროებს საზოგადოებრიობის მაქსიმალურ ჩართულობას სრულფასოვანი მონიტორინგისა და გამჭვირველობის, გაუყალბებელი საბოლოო შედეგების უზრუნველსაყოფად.

სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის ილუსტრირებისათვის ჩვენი ქვეყნის მაგალითი გამოდგება. სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესს საქართველოში სერიოზული ნაკლოვანებები ახასიათებს. 20 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის მიმართ უნდობლობამ გაამწვავა ელექტორატის ინდიფერენტულობა, ესქეიპიზმი, ამომრჩევლის მიერ სხვისი კარნახით/ზეწოლით ხმის მიცემა, სოციალური აპათია. მაგალითად, 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა სარეკორდო - 2 978 247 ამომრჩეველი (საერთო რაოდენობა - 3 594 810 ამომრჩეველი), რაც შეადგენს დაახლოებით 82 %-იან საარჩევნო აქტივობას, მაშინ როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა-  2 215 661 ამომრჩეველმა (საერთო რაოდენობა - 3 613 851 ამომრჩეველი), რაც დაახლოებით 61 %-იან საარჩევნო აქტივობას შეადგენს (წყარო - www.cec.gov.ge).

წლების განმავლობაში საქართველოში რიგი მტკივნეული საარჩევნო პრობლემების აღინიშნება: ელექტორატის მიერ არჩევნების გლობალური მნიშვნელობის გაუაზრებლობა, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის ტენდენციური საქმიანობა, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული რესურსის აქტიური გამოყენება და კომპაქტურად განსახლებული ეთნიკური უმცირესობების გადაბირება, დარღვევებით მიმდინარე ხმის დათვლის პროცესი, განსაკუთრებით კი რეგიონალურ პერიფერიაზე.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია და მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრები ატარებენ მთელ რიგ ღონისძიებებს ამომრჩევლის ინფორმირებულობის ზრდის თვალსაზრისით: ეროვნულ დონეზე მედია და სარეკლამო-საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ელექტორატის ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული პროექტების დაფინანსება, პარტიებისათვის ტელესაეთერო დროის დაფინანსება, დებატები, თემატური ტრენინგები. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხის გადასაჭრელად. ეს არის სახელმწიფოში „სუპერპარტიების" დომინირება, რომლებიც პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ სხვა პოლიტიკურ ძალებს „ისრუტავენ" და ქვეყანაში, პრაქტიკულად, ერთპარტიულობას ნერგავენ.

 „მოქალაქეთა კავშირის" ჩამოყალიბებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (1995 წელი), სახელმწიფოს მიერ განვლილი გზა ნიშანდობლივ ტენდენციას წარმოგვიჩენს: ა) მსხვილი მმართველი პარტიის განკარგულებაში ძირითადი ფინანსური და ადამიანური რესურსების თავმოყრა; ბ) არჩევნებს შორის ინიციირებული და უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესების საკუთარ ინტერესებზე მორგება; გ) არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციით არჩევნებისა და, ამგვარად, დემოკრატიის ფასეულობის დაკნინება.

ასეთ მცირე ქვეყანაში „სუპერპარტიების" („მოქალაქეთა კავშირი", „ნაციონალური მოძრაობა", „ქართული ოცნება") აღზევება აკნინებს საარჩევნო გარემოს დემოკრატიულობას, ხოლო ელექტორატის ცნობიერებაში მაღალ ნდობასა და სიმპათიას უფრო მეტად დომინანტი, მსხვილი და მდიდარი პარტიებისადმი აღვივებს.

„სუპერპარტიების" მიერ გამოყენებული მართვისა და კომუნიკაციის ჩვეული მიდგომები სახელმწიფოში დემოკრატიული სამართლიანობის ხარისხის ვარდნას იწვევს.

1.      მართვადი და საარჩევნო პროცესში ჩართული ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული მანქანა. რეალობა გვიჩვენებს, რომ მმართველი პარტია დე-ფაქტო საჯარო მოხელეების უმრავლესობას პოლიტიკური არჩევანის ლოიალობას ავალდებულებს;

2.      ადგილზე პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზაცია. 15 წლის განმავლობაში „მოქალაქეთა კავშირიც" და „ნაციონალური მოძრაობაც" ცენტრში და რეგიონებში სხვადასხვა, და ხშირად უკანონო, გზებით საკუთარ მხარეზე მასობრივად იბირებდნენ ახალგაზრდა ოპოზიციურ ლიდერებსა და ავტორიტეტულ მოქალაქეებს.

3.      ამომრჩევლის ზომბირება და მისი ცნობიერებით უსამართლო მანიპულაცია. არჩევნებიდან არჩევნამდე პერიოდს მმართველი „სუპერპარტიები" სახავენ, გეგმავენ და ახორციელებენ ელექტორატის მაღალი რეაქტიულობის გათვლით, და არა გლობალურ, დემოკრატიულ, სოციალ-ეკონომიკურ მონაპოვარზე დაყრდნობით (ირაციონალურ ემოციებზე თამაში, ცნობიერებით მანიპულაცია, სოციალური კრიზისების პროვოცირება და სხვა). ანუ საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წამყვანი ელემენტი მმართველი ძალისა და კონკურენტი პარტიების მიერ გამოყენებული პოლიტტექნოლოგიები გახდა, და უფრო ნაკლებად - სოციალ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი მიღწევები. მაგალითად, პოლიტტექნოლოგიური კასკადი ფართოდ იყო წარმოდგენილი კოალიცია „ქართული ოცნების" 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს: ცნობილი ოლიგარქისა და მეცენატის გალიდერება, მასობრივი ფინანსური დახმარებებისა და სასწაულების დაპირებები, სკანდალური „ცოცხების" ვიდეოების შემოტანა წინასაარჩევნო ფინიშის სწორზე.

4.      ტოტალური უპირატესობის მოპოვება პოლიტიკურ კონკურენტებზე. ზემონახსენები პოლიტტექნოლოგიებისა და სხვადასხვა აქციების ფართომასშტაბიანი განხორციელების, ფანდრაიზინგის, მსოფლიო დონის პოლიტ-კონსულტანტების, იმიჯმეიქერების მოზიდვის, ელიტარული პოლიტიკური გუნდის ფორმირების და ამომრჩევლის ყურადღების მოპყრობის არც ფინანსები, არც ადამიანური რესურსი მცირე, და თუნდაც საშუალო ზომის, პარტიებს არ მოეპოვებათ.

ამრიგად, იარსებებს თუ არა ნამდვილი დემოკრატია მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულებია სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს შექმნაზე, სადაც ამომრჩევლის ნება, მისი საღი საამომრჩევლო ცნობიერება და მოტივაცია ფორმირებულია ძირითადი მოთამაშეების დაბალანსებული ძალისხმევით - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების.

სამართლიანი არჩევნების საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს პრეცედენტების სერია, რომელიც საზოგადოებას მისცემს ახალი, თვისობრივად უფრო მაღალი დონის ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას.

თითოეული მოქალაქისათვის სამართლიანი არჩევნები უნდა გახდეს ეროვნული სიმბოლო იმისა, რომ თანასწორობას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს; აგრეთვე იმისა, თუ რა შეუძლია ამ საზოგადოებას ერთობლივი და ორგანიზებული ძალისხმევით.

სამართლიანი არჩევნები უპირობოდ არის იმ რწმენის დამკვიდრება, რომ „ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისათვის, არასოდეს აღიგვება პირისიგან მიწისა" (აბრააჰამ ლინქოლნი „გეტისბერგის სიტყვა").

გამოკითხვა