ENGLISH

ბლოგი

მარიამ ობოლაძე: „პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები“

მარიამ ობოლაძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

მაშინ, როდესაც ერები ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ, ძვ.წ. V-IV საუკუნეში ათენში დემოკრატიული მმართველობა ვითარდებოდა.იმ დროს, როდესაც არა პოლიტიკური წყობის, არამედ არსებობის პრობლემა იდგა, ომების კვალდაკვალ ათენში იკვეთება სწორი არჩევანის გაკეთების პრიორიტეტები. ასევე საყურადღებოა ის პრინციპები, რომლებსაც სახელმწიფო მმართველობა ეფუძვნებოდა: არჩევითობა, კოლეგიალიბა, ანგარიშვალდებულება, თანამდებობის დაკავება მოკლე ვადით. არჩევნები და არჩევითობა ანტიკური საბერძნეთის მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო, თუმცა უმთავრესი ნაკლი ელექტორატის სიმცირე გახლდათ. იქ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ ქალები და მონები. თანამედროვე სახელმწიფოებში კი არჩევნების დემოკრატიულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მოსახლეობის მაღალი აქტივობა.                                                                                                                        

ბლოგში ყურადღებას გავამახვილებ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ამომრჩეველთა ნების გამოხატვის თავისებურება, საარჩევნო მონიტორინგი, რომელსაც ადგილობრივი ორგანოების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ. მაგ: ეუთო, გაერო, IFES და ა.შ. ვისაუბრებ მედიის მნიშვნელობაზე, კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, და კანდიდატის მახასიათებლებზე, როგორც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობაზე.                                                                                                                                      

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, სრული წარმოდგენა გვქონდეს იმ სოციალური სივრცის შესახებ, რომელშიც კონკრეტული საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. თანამედროვე საზოგადოებაში არჩევანის გაკეთებას ელექტორატის მხრიდან უამრავი წინაპირობა ახლავს თან. გასათვალესწინებელია ის, თუ როგორია ამ დროს ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა, ამომრჩეველთა წინასაარჩევნო განწყობა, მასმედიის მდგომარეობა, კონკურენცია კანდიდატებს შორის, ელექტორატის პოლიტიკურ-კულტურული და განათლების დონე. საჭიროა, ამომრჩეველთა განწყობის შესწავლა. ამ საკითხზე ფსიქოლოგიური მიდგომის ფარგლებში ამომრჩეველთა ქცევას სამი ძიროთადი მოდელი ხსნის: სოციოლოგიური მოდელი, რომელიც გულისხმობს ჯგუფურ გადაწყვეტილებას, არჩევანზე მეგობრების ოჯახის ზეგავლენა; სოციალ-ფსიქოლოგიური მოდელი-კონკრეტულ პარტიასთან ან კანდიდატთან მიკუთვნება, სიახლოვის შეგრძნება, პირადი სიმპათია; და მესამე რაციონალური მოდელი, რომელიც გულისხმობს ეგოისტურ არჩევანს,მოქალაქე ხმას აძლევს იმ პარტიას,რომელიც მისი აზრით, მეტ სარგებელს მოუტანს ვიდრე სხვა ნებისმიერი.

არჩევანის გაკეთებისას ელექტორატი ყურადღებას აქცევს კანდიდატის პიროვნულ მახასიათებლებს, მის განათლებას, ეროვნებას, აღმსარებლობას, ასაკს, გარეგნობას, ლოზუნგებს, რომელშიც მოკლედ და გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული პროგრამა, იდეოლოგია, ასევე კანდიდატის იმიჯს, რომელიც სპეციალურად არის კონსტრუირებული და მიზნად ისახავს გარკვეული ემოციების აღძვრას ადამიანის ცნობიერებაში. თუ დავაკვირდებით კანდიდატის იმიჯის შემქმნელები ყოველთვის დადებითი მხარის წარმოჩენაზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო უარყოფითი მახასიათებლები დამალულია. ადამიანს უჩნდება სამართლიანი ეჭვი იმისა, რომ ნეგატიური მხარე საგანგებოდ იფუთება, სამწუხაროდ ამას ამომრჩეველთა ძალიან მცირე ნაწილი აანალიზებს. კანდიდატის მიმართ ამომრჩეველი ყოველთვის კრიტიკულია, ის ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური აქტორის წარსულზე, საქმიანობაზე. ვფიქრობ, ელექტორატისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია,  აქვს თუ არა კანდიდატს საერთაშორისო მხარდაჭერა, ურთიერთობა სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ  მასაზე დიდ ზეგავლენას ახდენს  საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი- ელიტა. უდავოა, რომ წარმატებული, ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანის მხარდაჭერას დიდი სარგებელი მოაქვს პოლიტიკური აქტორისთვის ხმების სახით.

სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არა მარტო იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კანონის დაცვით ჩატარდება კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურები და რამდენად ობიეტურად შეჯამდება არჩევნების საბოლოო შედეგები, არამედ იმაზედაც თუ რამდენად სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობის კონტექსტში. ხალხზე გავლენას ახდენს შეხვედრები ამომრჩევლებთან, საარჩევნო პლაკატები და ბუკლეტები, რეკლამები, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შემთხვევაში მედიას, რომელმაც ნორმალური დემოკრატიის პირობებში აბსოლუტურად ობიექტურად, მიუკერძოებლად უნდა გააშუქოს წინასაარჩევნო პროცესი და, რასაკვირველია, ეს ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. ვფიქრობ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხალხს შეუძლია,  გაიგოს არჩევნების მნიშვნელობა და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ, ხშირად პოლიტიკური აქტორები მედია-საშუალებებს იყენებს მხოლოდ პიარისთვის და არა რეალობის ასახვისთვის, ინფორმაციის გაშუქება ხდება ცალმხრივად, გაფილტრულად, ისე, რომ  მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ძალისთვის არის ხელსაყრელი.

ამდენად, პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები მრავალმხრივი და მარავლფეროვანია. სოციუმზე ზეგავლენას უამრავი  ფაქტორი ახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი, სოციალური ფონი, მოსახლეობის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. სხვადასხვა საზოგადოებაში არჩევანი სხვადასხვაგვარია, ხდება პრიორიტეტების გადახარისხება საცხოვრებელი და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, თუ გადავხედავთ მსოფლიოს სახელმწიფოებს, განვითარებულ ქვეყნებში ყურადღება მახვილდება დემოკრატიულ პრინციპებზე- თავისუფლება, თანასწორობა და ინდივიდუალიზმი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მართალია, ნელ-ნელა შემოდის დემოკრატიული ღირებულებები, თუმცა ჯერ ისევ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით არიან დაინტერესებულნი და    არჩევანის გაკეთებას სწორედ ეს ვითარება განაპირობებს.

გამოკითხვა