ENGLISH

ბლოგი

სოფიო დავითაშვილი: "არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიაში"

სოფიო დავითაშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. 

არაერთი ჩვენგანი გამხდარა ხშირად  იმის მოწმე, თუ როგორ აყენებენ პოლიტიკოსები  სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაწყოფას საკუთარ ოპონენტს იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ  დებატების კულტურა, ან არ ყოფნით ცოდნის დონე იმაში, თუ როგორ დაარწმუნონ ამომრჩეველი ან ოპონენტი თავიანთი აზრის სისწორეში. ასეთი შემთხვევები ქართულ სინამდვილეში უცხო მოვლენა არ არის და განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში თითქმის ყოველდღე ვხდებით პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების მნახველები.

დღევანდელ სამყაროში, ჭეშმარიტების დასადგენად და  ძლიერის გამოსავლენად ცეცხლსა და მახვილს ბრძოლის უფრო ცივილიზებული მეთოდი - სიტყვა, უფრო სწორად -  აგუმენტირებული დებატები ჩაენაცვლა. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით პოლიტიკური, სწორედ დებატებით, თემის ირგვლივ მსჯელობით, დისკუსიის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მეშვეობით განიხილება და ისე მიიღება გადაწყვეტილებები. სწორედ ასე, თემის ირგვლივ დისკუსიაში და კამათში იბადება ჭეშმარიტება.

არგუმენტირებული და დასაბუთებული დებატების მეშვეობით ადამიანებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ოპონენტი ან მსმენელი საკუთარი იდეის,  შეხედულების სისწორესა და მართებულობაში ადვილად დაარწმუნოს და მათ მიზნების მისაღწევად სხვა გზების ძიება აღარ უწევთ. არგუმენტირებული დებატების წარმართვის შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დაადგინონ რა არის ჭეშმარიტება, მხარი დაუჭირონ მათთვის სასურველ, კარგ, ან სწორ იდეას, გახდნენ იმ ადამიანის მომხრე და გამოუცხადონ იმას ნდობა, ვისი იდეაც მათთვის მოსაწონი იქნება.

ისევ პოლიტიკურ პროცესებს რომ დავუბრუნდეთ, თითქმის ყველა დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, იქნება ეს წინასაარჩევნო კამპანია თუ ყოველდღიური რუტინული პოლიტიკური თემები, პოლიტიკოსებს შორის დებატებისა და მსჯელობის საგნებად  იქცევა ხოლმე. შემდეგ უკვე  თითოეული მათგანი საკუთარი შეხედულებებისა და პარტიის პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, საჯარო ან სატელევიზიო დისკუსიებში არგუმენტირებულად, დასაბუთებულად ცდილობენ ელექტორატის  დაარწმუნებას საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტებასა და ოპონენტი მხარის პოზიციის სიმცდარეში. პოლიტიკოსებიც, აქედან გამომდინარე ხდებიან პოპულარულები და ქვეყნის მართვის სადავეებს იღებენ ხელში. ელექტორატსაც სწორედ ასეთი დებატებისა და დისკუსიების შედეგად უყალიბდება პოლიტიკური შეხედულებები, სიმპატიები, კულტურა, სხვისი აზრის პატივისცემის უნარი (ამ უნარის ქონა  ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა პოლიტიკოსებისთვისაც აუცილებელია)  და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური გემოვნება. აქედან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, საჯარო დისკუსიებში არგუმენტირებულ დებატებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. საჯარო ან სატელევიზიო პოლიტიკური ფორმატის  დისკუსიებში ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორების ნაცვლად არგუმენტირებული, კონსტრუქციული და ოპონენტის პიროვნულ პატივისცემაზე დაფუძნებული დებატების მეშვეობით შესაძლებელია სამოქალაქო კულტურის ამაღლება, პიროვნული და სამოქალაქო  თვითშეგნების დონის ამაღლება და მსოფლმხედველობის, მენტალიტეტის ჩამოყალიბება, ან შეცვლა ქვეყნისათვის და მისი მომავლისათვის სასიკეთოდ.

თუკი საჯარო დისკუსიებში არგუმენტირებული დებატების ნაცვლად პოლიტიკოსები ერთმანეთს განუწყვეტლივ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს მეტყველებს არა იმაზე, თუ როგორი ძლიერები არიან ისინი და რა კარგად შეუძლიათ მათ ერთმანეთის ფიზიკური ძალით დაჯაბნა, არამედ იმაზე, რომ ზოგად, მათი პოლიტიკური კულტურა არ შეესაბამება თანამედროვე დასავლურ დემოკრატიულ „სტანდარტებს".  პოლიტიკური პროცესები ხომ იდეათა ჭიდილის წარმოადგენს.

ქართულ სინამდვილეში უმრავლეს შემთხვევაში მოპაექრეები ერთმანეთს დისკუსიის პროცესში სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ,  ეხებიან ისეთ საკითხებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან და იგი წარმოადგენს ოპონენტის პირად ცხოვრებას. პოლიტიკოსები ამ გზით ცდილობენ ოპონენტზე უპირატესობის მოპოვებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ თავისი პოზიციის დაცვა, მისი სისწორის დასაბუთება, არ აქვთ არგუმენტირების უნარი, ან ისინი საკმაოდ სუსტია ოპონენტის არგუმენტებთან შედარებით და ოპონენტისთვის ადვილი ხდება ამ არგუმენტების გაბათილება და მასზე უპირატესობის მოპოვება. ამის შემდეგ პოლიტიკოსი იძულებული ხდება მიმართოს სხვა, ალტერნატიულ გზებს და საკუთარი პოზიცია სიტყვიერი ან ფიზიკური ანგარიშსწორების მეშვეობით დაიცვას. ამის შემხედვარე ამომრჩევლები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე და მათი უმრავლესობა პოლიტიკური გამოუცდელობის გამო არასწორ არჩევანს აკეთებს და სამწუხაროდ ასეთი არაცივილიზებული მეთოდებით „მებრძოლ" პოლიტიკოსს ანიჭებს უპირატესობას, ამას კი ქვეყნის მომავალზე დამღუპველი შედეგის მოტანა შეუძლია და ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ განვითარებულ სახელმწიფოდ.

თუკი ქართველი პოლიტიკოსები აღიარებენ არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობას და თავს დაანებებენ ოპონენტების ნებისმიერი გზით დაჯაბვნის მცდელობას, მაშინ ამომრჩევლებისთვის, მოქალაქეებისთვის უფრო ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება და ქვეყნის განვითარების საკითხიც სასიკეთოდ გადაწყდება.

 

გამოკითხვა