ENGLISH

ბლოგი

რუსუდან აფციაური სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში

რუსუდან აფციაურმა  აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

დემოკრატია, ესა არის ხალხის(„დემოს") მმართველობა(„კრატოს"). სწორედ ამ მნიშვნელობის გამო ის ყველაზე მიღებული და სასურველი ფორმაა სახელმწიფო მმართველობის ფორმებს შორის. თუმცა, ჩერჩილი ამბობდა:  „ეს არის ყველაზე საშინელი ფორმა, მაგრამ მასზე უკეთესი არ არსებობს". ე.ი, დემოკრატია არის ყველაზე სასურველი ფორმა, რადგან მასზე უკეთესი არ გვაქვს.

სკოლის მოსწავლეს ჯერ კიდევ მეგონა, რომ დემოკრატია იყო ის მდგომარეობა, რომელშიც ერთხელაც გავიღვიძებდით და შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვლებოდა, უკეთესობისკენ. ვფიქრობ, დღეს უფრო რეალური წარმოდგენა მაქვს ამაზე. დემოკრატია არ მიმაჩნია წერტილად, რომელსაც მიაღწევ და გაჩერდები. ეს არის შეჯიბრი, რომელშიც რეკორდი სულ უფრო უმჯობესდება და რაც მთავარია, ის რასაც უკვე მიაღწიე, აუცილებლად უნდა შეინარჩუნო.   ახალი დემოკრატიები სულ უფრო მეტად მზარდ პროგრესს განიცდიან, ისე, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მე-20 საუკუნის ბოლოდან კომუნიკაციის საშუალებების გავრცელების, ტექნიკური პროგრესის წყალობით თითქმის ყველა ქვეყანაში განვითარების დონე ამაღლდა. განვითარებას კი რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოაქვს დემოკრატია. რათქმაუნდა, არ გამოვრიცხავ გამონაკლის შემთხვევასაც, როგორიცაა უკრაინა. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების მორიგი ცვლილება საფუძველი გახდა ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების რეგრესიისა.

დემოკრატიზაციის პროცესის ანალიზი მეტად რთულია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელბიც ატარებენ კვლევებს ამ კუთხით, შეიწავლიან როგორც სამართლებრივ და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს ქვეყანაში, რადგან ყველა ეს ასპექტი გადაჯაჭვულია ერთმანეთში და რაღაც დოზით განაპირობებს კიდეც ერთმანეთს. არჩევნები უფრო სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებს აერთიანებს და ამიტომ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამჯერად ყურადღებას არ ვამახვილებ.

არჩევნები ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა იმ მითითებებს რასაც სტაბილური დემოკრატიის მქონე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აძლევენ. სამართლიანი არჩევნები ის საშუალებაა, რომელიც გარედან მაყურებელი თვალისთვის აადვილებს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის და ქვეყნის პოლიტიკური პოტენციალის შეფასებას. სწორედ ამიტომ, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში  წინა საარჩევნო, უშუალოდ არჩევნების პროცესი და შემდგომ შედეგების გამოქვეყნება დიდ ყურადღებას იწვევს ხოლმე საერთაშორისო არენაზე. საქართველო ამის კარგი მაგალითია. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გააკეთა განაცხადი იმის თაობაზე, რომ იდგეს დემოკრატიული ქვეყნების რიგებში, ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების, განსაკუთრებით არჩევნების, მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება. გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტების მიერ და აღსანიშნავი არის ის, რომ ყველა ერთხმად აღიარებს ამ არჩევნების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

თავისთავად რას წარმოადგენს სამართლიანი არჩევნები და რა კრიტერიუმები უნდა დააკამაყოფილოს საარჩევნო პროცესებმა იმისთვის რომ მას მიენიჭოს სამართლიანობის სტატუსი? პირველ რიგში, წინასაარევნო პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტები კამპანიის წარმოებისას თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. განსაკუთრებით მედია საშუალებებით გამოსვლის დროს. არჩევნების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს  როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი დამკვირვებლების მიერ. რაც შეეხება შედეგებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეს საშუალება აწარმოონ ხმების წინასწარი დათვლა და საბოლოო შედეგებამდე გამოაქვეყნეონ ეგზით პოლის შედეგები. 

სამართლიანი არჩევნების ფენომენის ახსნას შევეცდები მისი საპირისპირო მაგალითით. ოფიციალურად, არჩევნები საბჭოთა კავშირში იყო სამართლიანი, მაგრამ ამას განმარტება სჭირდება. საქმე იმაში იყო, რომ არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობდა ერთი პარტია, და ბიულეტენებში კი მითითებული იყო, რომ უნდა გადაეხაზათ სხვა ყველა პარტია, გარდა ერთისა, რომლის მეტი არც ეწერა. საბჭოთა არჩევნები სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი იმასაც დავადასტურებთ, რომ კავშირში შემავალი 14 ქვეყანა, რუსეთის გამოკლებით, თანახმა იყო საკუთარი სუვერენიტეტი ნებაყოფლობით გადაეცა ცენტრალური კომიტეტისთის. სუვერენულობა თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა თეორიულად, კონსტიტუციაში, მაგრამ რეალურად მხოლოდ ცკ იღებდა გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნების მართვის და თუნდაც, არჩევნების ჩატარების შესახებ. უშუალოდ არჩევნები კი ერთი დიდი თეატრალური წარმოდგენა უფრო იყო, ვინაიდან საბჭოთა კავშირში თანამდებობაზე არჩევა კიარ ხდებოდა, არამედ დანიშვნა.

სტაბილური ან ახალი დემოკრატიის ქვეყნებში პოლიტიკურ არჩევანს ადამიანები აკათებენ იმ მიზნით, რომ   მათ თავიანთი უფლებების ნაწილი გადასცენ  კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც გახდებიან ამ ხალხის წარმომადგენლები ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებში, ან პრეზიდენტი და  პრემიერ-მინისტრი. ამ გზით ხდება სამოქალაქო თანხმობის მიღწევა ძირითად სამოქმედო პროგრამებზე, რომლებსაც ხალხი ირცჩევს და შესაბამის კანდიდატს უჭერს მხარს. არჩევნები არის ამ შეთანხმების ხელისუფების ორგანოთა უფლებებად და ვალდებულებებად გარდაქმნის მექანიზმი. სამართლიანი არჩევნები კი, რომელიც ასეთად აღიარებულია არამხოლოდ გამარჯვებული, არამედ დამარცხებული მხარის მიერ, არის დემოკრატიული განვითარების პროცესის პროგრესის ხაზგასმა. სამართლიანი არჩევნების პრეცედენტის შექმნა რომელიმე ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ აქ იწყება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც არჩევნები არის საშუალება საზოგადოებრივი აზრის, პლურალიზმის პირობებში მიღწეული სამოქალაქო შეთანხმების ცივილური ფორმით წარმოდგენისთვის. 

გამოკითხვა