ENGLISH

ბლოგი

გვანცა ჩინჩალაძე:"არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში"

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა საკითხებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა თუ განვითარებულმა ინდუსტრიალიზაციამ წარმოშვა მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია. ადამიანები იკრიბებიან, სხდებიან მრგვალი მაგიდის გარშემო და იწყებენ ფიქრს და მცდელობას ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პრობლემა ვერ მოგვარდება მისი „აღმოჩენისთანავე". შესაბამისად, ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია საჯარო დისკუსია და დისკუსიაში არგუმენტირებული დებატები. რა არის დისკუსია? დისკუსია ეს არის შეკრებებზე, საუბარში კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით რაიმე საკითხის შესახებ განხილვა, კამათი.

პირველ რიგში, ნებისმიერი  პრობლემის გადასაჭრელად ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, სწორი, მიზანმიმართული ლოგიკური მსჯელობაა საჭირო. არგუმენტის შექმნა კი ლოგიკური აზროვნების უმნიშვნელოვანესი პროცესია. თუ რომელიმე  წევრმა, მონაწილემ საჯარო დისკუსიაში დებატების დროს წარმოადგინა მყარი არგუმენტი, ნათლად დაანახა იქ მყოფ საზოგადოებას ფაქტების ჭეშმარიტება, მის აზრს თითქმის ყველა წევრი დაუჭერს მხარს. ეს იქნება ნათელი წერტილი დისკუსიაში და ხელმოსაჭიდი პიროვნებაც და რა თქმა უნდა უკვე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ხერხი მაინც, რაც უკვე დიდი მიღწევაა. მაგალითისთვის, პიროვნება  ამბობს,  რომ გლობალიზაცია მსოფლიოს ურთულესი პრობლემაა,  რომლის გადაუჭრელობის შემთხვევაში  კაცობრიობა უდიდეს საფრთხეში იქნება. ის  არ წარადგენს  არანაირ მყარ არგუმენტს და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეთანხმება აზრს, გლობალიზაცია პრობლემაა, უბრალოდ ვერ დაუჭერენ მხარს იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სიტყვებით ითამაშებს და საბოლოოდ არაარგუმენტირებული მსჯელობა მიგვიყვანს იქამდე, რაც შეიძლება ამ დროს ყველაზე სავალალო აღმოჩნდეს -პრობლემის გადაჭრის არანაირი ჭეშმარიტი ხერხის წამოყენებამდე.

მეორე მხრივ, შესაძლებელია არაარგუმენტირებული დებატებით  უკუაგდონ ისეთი ხერხი ან გზა გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც საკმაოდ ლოგიკური იყო, თუმცა იმის გამო, რომ ამ სიტყვებმა მხოლოდ გაიჟღერა, მას უბრალოდ მხარს ვერ დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია, შეიძლება ერთმა მეორეს დაუმტკიცოს შემდეგი რამ: დიდი ბრიტანეთი უფრო კარგი ქვეყანაა ვიდრე აშშ. იმდენად გაამყარებს ერთერთი მათგანი არგუმენტებს, რომ მეორეს აზრს შეაცვლევინებს. ეს უკვე უდიდესი მიღწევა იქნება პირველისთვის.

თუ შევაჯამებთ ზემოთ თქმულს, ახლა უკვე ნათლად ჩანს თუ რა არსებითი მნიშვნელობა აქვს დისკუსიის გამართვას და რაც მთავარია არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობას საჯარო დისკუსიაში. სიტყვები მხოლოდ ფრენენ, ლოგიკური, არგუმენტირებული აზრი კი რჩება. შესაბამისად, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს მყარ არგუმენტირებულ დებატებს იმსათვის, რომ შენი აზრი დამტკიცდეს და, რაც მთავარია, საზოგადოება დაარწმუნო მის სისწორეში.

გამოკითხვა