ENGLISH

ბლოგი

ანი ზურაშვილი:პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები

დღეს ფართოდაა გაზიარებული იდეა ხალხის სუვერენიტეტის შესახებ. როგორც „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" (მუხლი 21) და საერთაშორისო ძალის მქონე სხვა დოკუმენტები გვეუბნებიან, სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი წყარო და მისი კანონიერების საფუძველი არის ხალხის ნება. ხალხის ნების გამოხატვის შესაძლებლობა არჩევნებია. მოქალაქეები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს, რის საფუძველზეც მიიღწევა შეთანხმება სახელმწიფო მართვა-გამგეობის, მისი კურსისა და ამ კურსის შემსრულებლების შესახებ.

უდავოა არჩევნების უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, თუმცა საინტერესოა, რა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები განაპირობებენ მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანს.

ხმის მიცემის თემატიკას და პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობებს აქტიურად შეისწავლის პოლიტიკური ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებს, განსაკუთრებით კი სოციალურ და კოგნიტურ ვარიაციებს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ხმის მიცემის შესწავლის განვითარებაში.

ხმის მიცემის ადრეული მოდელებიდან აღსანიშნავია პოლიტიკური მიდრეკილების ინდექსი (პმი). ამ მიდგომის თანახმად, თუ გვეცოდინება ადამიანის გარკვეული სოციალური მახასიათებლები  (განათლება, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგია, სოციალური სტატუსი..) ჩვენ შევძლებთ მაღალი ხარისხის სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ მისი მომავალი პოლიტიკური არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ პმი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების მთავარ წინაპირობად სოციალურ გარემოს განიხილავს, ხოლო ინდივიდს - როგორც სიტუაციის პასიურ მიმღებს.

არა სიტუაციის, არამედ დისპოზიციის განსაკუთრებულ მიშვნელობაზე საუბრობს ე.წ. იდენთიფიკაციის პარტიის მოდელი. ეს მიდგომა გვეუბნება, რომ ადამიანები ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, რის შედეგადაც პარტიის მიმართ უვითარდებათ გრძელვადიანი ემოციური მიჯაჭვულობა. შესაბამისად, მრავალი მათგანისთვის მეორეხარისხოვანია, როგორია კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო  პროგრამა, ვინ არიან პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები, როგორია მათი პოზიციები. პარტიისადმი ძლიერ იდენტიფიცირებული პირები, როგორც წესი, უგულებელყოფენ არახელსაყრელ ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილონ კოგნიტური დისონანსი და, საბოლოოდ, არჩევანს ისევ „საკუთარი" პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ.

ამგვარი მიჯაჭვულობა უმეტესად გამოუცდელ ამომრჩეველს უვითარდება. უფრო გამოცდილ მოქალაქეებს კი პოლიტიკური არჩევანის გასაკეთებლად ცოდნა და ინფორმაცია სჭირდებათ. ის მოდელები, რომლებიც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობად ამომრჩეველთა ინფორმირებულობას განიხილავენ, თავიანთ მსჯელობას ორი მიმართულებით ავითარებენ; პირველი მათგანი გულისხმობს, რომ ამომრჩეველმა უნდა გადახედოს არსებულ პარტიათა პოლიტიკურ კურსსა და  პროგრამას, შეადაროს ისინი ერთმანეთს და ამოირჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება საკუთარ პოზიციებს.

მეორე მიმართულება ყურადღებას ამომრჩეველთა გონიერებაზე ამახვილებს. იგი ამბობს, რომ ადამიანები პარტიებს კონკრეტული მიღწევებისთვის რაციონალურად აჯილდოვებენ. ის ნაკლებად მომთხოვნია ამომრჩევლებისადმი და მიიჩნევს, რომ სრულებით საკმარისია, თუ ინდივიდები უახლოეს წარსულს გადახედავენ და შეაფასებენ, რამდენად კარგად შეასრულა, მაგალითად, პრეზიდენტის პარტიამ, დაკისრებული მოვალეობები, განსაკუთრებით კი ეკონომიკის დარგში. ამ მიდგომის თანახმად, ჭკვიანური იქნება, თუ მოსახლეობა ყურადღებას დაუთმობს იმას, თუ რას ამბობენ პოლიტიკური ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიისას, თუმცა უფრო ჭკვიანური იქნება, თუკი გადახედავს, რა გაუკეთებიათ მათ უახლოეს წარსულში.

ასე გვისახავენ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობებს ხმის მიცემის ძირითადი მოდელები. სწორი პოლიტიკური არჩევანი სახელმწიფოს სწორად განვითარებას განაპირობებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ პროგრესი გააზრებული, რაციონალური გადაწყვეტილებების შედეგად მიიღწევა; შესაბამისად,  სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ამომრჩეველი იყოს სიტუაციის არა პასიური მიმღები, რომლის არჩევანიც გარკვეული მიჯაჭვულობების შედეგია, არამედ ქმედითი პერსონა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ცოდნაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს.

გამოკითხვა