ENGLISH

ბლოგი

გიორგი კობერიძე:პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები

გიორგი კობერიძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

პოლიტიკური არჩევანი თავის თავში საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რაზეც თავისმხრივ მრავალი გარემოება ზემოქმედებს. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე ძირეული ფაქტორი: პარტიული მიკუთვნებულობა და კოგნიტური დისონანსი, ინფორმაციულობა და ინფორმაციის რაობა, პირადი ეკონომიკური ანალიზი, პოლიტიკური კულტურა და გარემო. თითოეული მათგანი თანმიმდევრულად განვიხილოთ.

-პარტიული მიკუთვნებულობა და კოგნიტური დისონანსი - ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველი დროთა განმავლობაში იწყებს პოლიტიკურ მიკუთვნებულობას პარტიის მიმართ, რა დროსაც უვითარდება გარკვეული რწმენა რომ პარტია და პარტიული იდეოლოგია არ შეიძლება ცდებოდეს. მაგრამ თუ მაინც პარტია უშვებს ისეთ შეცდომას, რაც მისი კერძო რწმენისათვის შეუსაბამოა ჩნდება კოგნიტური დისონანსი, ერთგვარი შინაგანი კონფლიქტი, რა დროსაც ან პარტიის წევრი იცვლის პარტიისადმი დამოკიდებულებას (შედარებით იშვიათად) ან ამართლებს პარტიის შეცდომას და აწერს მას გარე ფაქტორებს ან საერთოდ იშორებს არსებულ ნეგატიურ ინფორმაციას (ე.წ. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში), რა შემთხვევაშიც მცირდება ან ქრება დისონანსი.

- ინფორმაციულობა და ინფორმაციის რაობა - ამომრჩევლის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზეც თუ რა რაოდენობით და რა სახის ინფორმაციას ფლობს იგი პარტიისა ან ასარჩევი პიროვნების მიმართ. უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება ხდება სამი გზით: 1.პიარი - საზოგადოებასთან ურთიერთობა, პარტიის ან პიროვნების მიერ თვითრეკლამირება, დაპირებები, მანიფესტაციები; 2. დებატები - საჯარო და სატელევიზიო დებატები და იქ წამოჭრილი საკითხები ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ამომრჩეველს ჩამოუყალიბოს გარკვეული ხედვა ამა თუ იმ ლიდერისა და პარტიის მიმართ; 3. მედია - სამაუწყებლო, ბეჭდური და სოციალური (ჰორიზონტალური) მედია ინფორმაციის გავრცელების უსწრაფესი საშუალებაა. გარდა მედიის პირველი ორი სახისა დროთა განმავლობაში იზრდება სოციალური მედიის მნიშვნელობაც, მით უფრო მზარდი ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით. ინფორმაცია იცვლება, ქვეყნდება მიღებისთანავე და ხშირად დაუზუსტებელიც კია ხოლმე, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლისა და მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.

- პირადი ეკონომიკური ანალიზი - აღნიშნული მიდგომა ეფუძნება პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში არსებულ ე.წ. „ჰომო ეკონომიკუსის" ცნებას, რა დროსაც, კერძო პირი აფასებს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის განვლილ პოლიტიკურ ასპარეზობას და უთავსებს თავის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, რის შემდგომაც იღებს გადაწყვეტილებას - მის მიერ მინიჭებული მანდატი ამა თუ იმ პარტიასა თუ პოლიტიკურ ფიგურას რამდენად სარგებლის  მომტანი იქნება ისევ და ისევ მისთვის? ეს კითხვა შეიძლება სხვანაირადაც ფორმულირდეს: რამდენად ხელსაყრელი იყო ესა თუ ის ხელისუფლება ჩემთვის განვლილი პერიოდის განმავლობაში და ღირს თუ არა გავუგრძელო მას სამანდატო ვადა? „ჰომო ეკონომიკუსს" უმეტესად საშუალო ფენის წარმომადგენლებს მიაკუთვნებენ.

- პოლიტიკური კულტურა და გარემო - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ პოლიტიკური კულტურა და მისი რაობა. იმის გათვალისწინებით რომ გარემო და საზოგადოების დიდი ნაწილი ზოგადი მდგომარეობა ზემოქმედებს მთელს სოციუმზე აღსანიშნავია რომ ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება ინდივიდუალური განსჯის საფუძველზე. ასეთ დროს გადაწყვეტილება ხშირად ეფუძნება იმას თუ რას და რატომ ფიქრობენ სხვები ამა თუ იმ პარტიასა და პიროვნებაზე. საზოგადოების სტაბილურობის, განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ყალიბდება პოლიტიკური კულტურა, ანუ საზოგადოების წევრებისა და პოლიტიკის გარკვეული ურთიერთმიმართება. რაც უფრო მაღალია პოლიტიკური კულტურა პოლიტიკური არჩევანი მით უფრო მეტი ანალიზისა და ინდივიდუალური განხილვის შედეგად მიიღება, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი გრძნობს პასუხისმგებლობას თავის ამომრჩევლის წინაშე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მიღწევა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

ყოველივე ზემოთ თქმული პირობების გათვალისწინებით ინდივიდები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ახდნენ ძალაუფლების ნაწილის დელეგირებას თავიანთ წარმომადგენელზე, რის შემდგომაც იწყება პოლიტიკური ურთიერთობის ახალი დონე და დემოკრატია ახალი, პოზიტიური გამოწვევების წინაშე დგება. 

გამოკითხვა