ENGLISH

ბლოგი

თორნიკე ადამაშვილი: რა აფერხებს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას?

სამოქალაქო ცნობიერების ადამიანი დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია; ის სარგებლობს საკუთარი უფლებებით და პასუხისმგებლობას იღებს სხვის უფლებებზე; თანასწორობის პრინციპით ჩართულია სახელმწიფოს მართვაში და აცნობიერებს თავის როლს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამართლებრივ ცხოვრებაში; მას სჯერა, რომ სწორედ მისნაირი ინდივიდებისგან იქმნება ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი.

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონეა, რაც განპირობებულია რამდენიმე მენტალურ-კულტურული ასპექტით.
ერთი ასეთია ჩვენი უახლესი ისტორია _ "საბჭოთა წარსული".  საბჭოთა კავშირის მოქალაქე თავისთავად ასოცირდებოდა ინერტულ, კონფორმისტ, პოლიტიკური პროცესებიდან გათიშულ ადამიანთან. ყველა განსწავლული ადამიანი საფრთხეს წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის, რადგან მათ შეეძლოთ უფრო კრიტიკულად შეეფასებინათ და საფუძვლიანი არგუმენტებით განეხილათ არსებული პოლიტიკა. მათი განადგურების შემდეგ, დაიწყო "ახალი მოქალაქეების" ჩამოყალიბება, რომელსაც პროპაგანდა (სოც. რეალიზმი) ადვილად ახერხებდა. სტერეოტიპების ჩანერგვა ხალხის ცნობიერებაში კარგი იარაღი აღმოჩნდა, რომლის კვალი საზოგადოებაში დღემდე ცოცხლობს: "ჯოხი რომ დაგიყენონ ბატონად, ის უნდა იბატონოო!" _ მოხუცებისგან გამიგია. აქ საკვანძო სიტყვაა "დაგიყენონ". საბჭოთა მოქალაქეებს აჩვევდნენ, რომ მათ "ბატონს" სხვა აყენებდა და არა თვითონ.

სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას  საზოგადოებაზე რელიგიური ინსტიტუციის დიდი გავლენაც აბრკოლებს. ზემოთ ჩამოთვლილი საბჭოთა ფორმალური ღირებულებები არსებობას, პირველ რიგში, ეკლესიის მეოხებით განაგრძობს _ გამძაფრებული ფორმითაც კი. განსაკუთრებით, ეს მორჩილებაზე ითქმის. იერარქიული მორჩილებით მანიპულირება მრევლს ავალდებულებს, ეჭვშეუტანლად შეასრულოს მოძღვრის "კურთხევა", მიიღოს მისი ქადაგება  ჭეშმარიტებად და ავტორიტეტად მიიჩნიოს ნებისმიერი მღვდელი (ეკლესია არსებულ საკადრო პრობლემებს თავადაც აღიარებს, თუმცა იერარქიული მორჩილების დოგმას ინარჩუნებს).  მრევლი ჩართული არ არის ეკლესიის  მართვაში, კულტურული ღონისძიებები და დისკუსიები მხოლოდ ფორმალურად იმართება (მონოლოგის, ქადაგების ხასიათს იღებს). შესაბამისად, მოქალაქეები ეჩვევიან აზრს, რომ სხვა წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. ამგვარი ცნობიერება  სამოქალაქო მოღვაწეობაშიც იჩენს თავს და მართვის პროცესებში ჩართულობას გამორიცხავს.

არც საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას. ხელისუფლება ვალდებულია შექმნას იმგვარი გარემო, რომ საზოგადოებამ შეძლოს თვითგანვითარება, თვითრეალიზაცია და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება სახელმწიფოს მართვის პროცესიდან გათიშოს. ეს კარგად ჩანს მედიის მაგალითზე. ტელეარხებზე გაქრა სადისკუსიო სივრცეები, დაიწყო ხისტი და შელამაზებული პროპაგანდა. რეგიონებს ხელი არ მიუწვდებათ ოპოზიციურ არხებზე. ტრადიციად დამკვიდრდა მასშტაბური პროექტების დაწყება და შემდეგ გახმაურება (იქნება ეს ქალაქის რეკონსტრუცია, რაიმე კულტურული ღონისძიება თუ კანონპროექტის მიღება), რაც მოქალაქეებს აქტიურობისა და ჩართულობის შესაძლებლობას ართმევს. რეგიონული თვითმმართველობებიც მოჩვენებითია, რადგან სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალიზებულია. შეიძლება ზუგდიდის მცხოვრებთ უნდათ, რომ მათ ქალაქში კულტურის სახლი აშენდეს, მაგრამ თბილისში წყვეტენ, რომ ზუგდიდში ახალი საავადმყოფო აშენდეს. ამგვარი მიდგომით სამოქალაქო ცნობიერება ზიანდება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა სამოქალაქო ცნობიერება დღესაც ცოცხალია ჩვენს საზოგადოებაში.

                 


 

გამოკითხვა