ENGLISH

ბლოგი

სულხან სალაძე: უპასუხო კითხვები

სულხან სალაძე

ახალი წლის წინა დღეებში ბარგი შევკარი და ბათუმს მივაშურე. მართალია ახალი წლის შეხვედრას სოფელში ვაპირებდი, მაგრამ ახალ წლამდე საშუალება მქონდა მთელი ოთხი დღით ბათუმში  გავჩერებულიყავი და გარდა მეგობრებთან შეხვედრისა ბათუმური ამბებიც გამეგო.

ოცდაათში დილით ჩემი ერთი ნაცნობი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აპირებდა დასასწრებას. შემომთვაზა მეც გავყოლოდი. შემოთავაზებაზე და  ბევრი არ მიფიქრია, მითუმეტეს, რომ ქალაქის საკრებულოს ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინა და კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა გადაწყვეტა მოესწრო 2012 წლის დადგომამდე.

შენობის მეორე სართულზე სანამ სხდომათა დარბაზში შევიდოდი, მცირე ხნით ერთ ჩემ მეგობარ ფოტოგრაფს გავესაუბრე, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ის ფოტო ალბომი ჰქონდა მოტანილი, რომლიც მისივე განცხადებით აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა და ამ თემაზე საკრებულოს წევრებთან სურდა გასაუბრება. მეგობრის აქტიურობა გულწრფელად გამიხარდა.

სხდომათა დარბაზში შესული სასიამოვნოდ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ დარბაზში მოქალაქეთათვის გათვალისწინებული ადგილებიდან  თავისუფალი პრაქტიკულად არცერთი აღარ იყო დარჩენილი და დაგვიანებულები „ნაცნობების" ხარჯზე პოულობდნენ თავისუფალ ადგილს. ეგ კი არა და ბევრი რიგითი ბათუმელი უფრო ადრე მივიდა საკრებულოს სხდომაზე ვიდრე საკრებულოს  წევრი.

„ნაცნობობის" ხარჯზე ჩემი დიდი ხნის მეგობრის გვერდით ვიპოვე მეც თავისუფალი ადგილი და მეგობართან გასაუბრების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ხშირად ესწრება საკრებულოს სხდომებს, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე კი საკრებულოს კომისიების სხდომებზეც უწევს დასწრება. სულ მალე დავრწმუნდი, რომ მასზე უკეთ ცოტა ვინმე, თუ მომიყვებოდა იმ დარბაზში მყოფთაგან ბათუმის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ.

ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, მათ შორის იმაზე, რომ ბათუმის მერიის მიერ თანასპონსორობით და შესაბამისად ბათუმის ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიუხედავად, არც თუ იშვიათ შემთხვევაში ე.წ. მაშტაბურ ღონისძიებაზე უბრალო ბათუმულებისათვის მოხვედრა თუნდაც მხოლოდ იმიტომ ჭირს, რომ ასეთ დროს ბილეთი ბათუმში არ იყიდება, რომ ბათუმის ბიუჯეტში ჯერ კიდევ ხვდება პროგრამები, რომლებიც წლიდან წლამდე არ ან ვერ ხორციელდება სათანადოდ და ყოველი წლის ბოლოს თანხები ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადააქვთ, რომ საქართველოში არსებული ბევრი თვითმართველობისგან განსხვავებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობისა, დღემდე პრობლემად რჩება ბათუმის მოსახლებობის ინფორმიერება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა სასურველზე ბევრად დაბალია და რომ თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის იგივე ჩართულობა და მონაწილეობა ხშირად ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულს.

ჩვენი საუბრის პარალელურად, საკრებულომ ბიუჯეტის დაამტკიცებაც მოასწრო და ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ავტონომიურ რესპუბლიკისთვის უსასყიდლოდ გადაცემაც, თანაც ისე, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას კითხვაც არ გასჩენია.

საკრებულოს სხდომიდან გამოსული საკუთარ თავს ვეკითხებოდი, თუ რატომ უნდა ფინანსდებოდეს ბათუმის ბიუჯეტიდან იმ ტიპის ღონისძიებები, სადაც დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით არის შესაძლებელი და უბრალო ბათუმელთათვის იქ მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ან რა საჭიროა ქალაქის ბიუჯეტში ისეთი პროექტები, რომლებიც წლიდან წლამდე არ ხორციელდება და არავის ხეირი არ უნახავს. ან კიდევ, რატომ უნდა უჭერდეს საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ერთსულოვნად მხარს ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას ისე, რომ არავის დამსწრე უმრავლესობის წევრთაგან ერთი შეკითხვაც არ უჩნდება: - რატომ?

 

სულხან სალაძე

 

 

გამოკითხვა